Tuesday, July 9, 2013

თავი პირველი: Tu vuo' Fa' L'Americano (©Renato Carsone)

 “მოხუცმა ცხვირზე ჩამოიწია სათვალე და სათვალის ზემოდან მოავლო თვალი ოთახს”. არა, ეს მოხუცი დეიდა პოლი არ გახლდათ.. ეს, იოსები  იყო.

- ადამიანი ჯორია. -მიპასუხა მკვახედ და ისევ თავისი ბურთულის ძებნა განაგრძო, რისთვისაც სათვალე ჩამოიწია ცხვირზე
ხელში ფერადი, შუშის ბურთების არც ისე გრძელი, მაგრამ გაწყვეტილი მძივი ეჭირა და ნერვიულად იყურებოდა მაგიდის, საწოლის, კარადის და ტელევიზორის ტუმბოს ქვეშ.
ოთახში საჭირო ნივთების გარდა, უამრავი ხარა-ხურა ეყარა - მოლბერტი, რომელიც მის გარდაცვლილ მეგობარს ეკუთვნოდა და რომელსაც თითის სისქე მტვერი დასდებოდა; ძველი, ანტიკვარად ქცეული ნოუთბუქის ჩანთა, სადაც წინა საუკუნის ელექტრონული მიმოწერით სავსე კომპაქტ დისკებს ინახავდა; 200 წლის რადიომიმღები, რომელიც გაურკვეველ ხმებს, უფრო სწორად შიშინს გამოსცემდა, ენერგიის წყაროს თუ მიუერთებდი და ტელევიზორი, რომელიც 34 წლის მტვერს, ნაგავს და აბლაბუდებს იტევდა მოშავო-მონაცრისფრო ეკრანზე.
 უცნაური მოხუცი იყო იოსები. თითქმის არავისთან მეგობრობდა მას მერე, რაც მის სამშობლოში მესამე რევოლუცია კრახით დასრულდა.
 "მესამედ მოსვლის", ანუ მესამე რევოლუციის მთავარი ავტორი და სულისჩამდგმელი გახლდათ.. აკი, ქალაქიც გააშენა და "კასტა-დივა" დაარქვა, ბერძენი სოპრანოს ნამღერი არიის პატივსაცემად. ფიქრობდა, კასტა-დივაში პარტიზნებს მოვამზადებ, ურჩხულ  მეფე ლევიატანოს კი,  ჩემი ქალაქი (ცვილისი, ასე დაერქვა მის მშობლიურ ქალაქს, რომელიც ადრე სულ სხვა სახელის მქონე იყო) ხელთ რომ უპყრია და აოხრებს, პარტიზანული ომით თუ დავამარცხებო.
 დიდხანს აგროვა ახალგაზრდა, ბრგე და ნარჩევი ვაჟკაცები; ამუშავა, ასწავლა, აჭამა, ასვა და სწორედ იმ ვაჟკაცებმა გაყიდეს საბოლოოდ, აღარ მახსოვს, რომელი თხასავით ( ამ თხაზე ერთი იგავი ჰქონდა "დიდი დეპრესიის" ჟამს აჩემებული, თუმცა, არ მიყვარდა ამ იგავის მოსმენა, ამიტომ ვერ დავიხსომე). - ჰოდა,  გადამწყვეტი ბრძოლის ტაქტიკურ მონახაზს აკეთებდა  (4-4-2), საყვარელმა მოწაფემ რომ გაკოჭა და სხვა, საპარტიზნოდ გამზადებულ მოწაფეებთან ერთად, სულ კეტი რომ ურტყა გვერდებში, და თან, ცივი ხმით დაჰკიოდა: - " სამი წელია, წიწიბურის ხის ნაყოფს გვაჭმევ და როდემდე უნდა ვჭამოთ ეგ შენი სალაფავიო?! შენ რომ კაცმა  მიგიშვას, მთელი ცხოვრება მაგას გვაჭმევ და ჰარიქა, აშენდა მანამდე ქვეყანაო!"  
- შეიპყრეს გაკოჭილი იოსები და მიაბრძანეს შუშის ციხეში. რევოლუციაც ჩაფლავდა, მესამედ მოსვლაც და კასტა-დივაც ააოხრეს კუდიანმა სოდომგორებმა ( მეფე ლევიატანოს ჰყვდა ზომბთა პალატის ნარჩევი მებრძოლები, სპეც-დანიშნულების მილიციურ ძალებად დაყენებული; ყველა მათგანს გრძელი, შავი კუდი ჰქონდა, სქესი კი- არა.) და საბოლოოდ დასამარეს ცვილისის ჩმორქალაქეების ლიბერალური თავისუფლების იდეა
საქმეც ის იყო, რომ იოსები ჩმორქალაქეების კასტასთანაც ვერ გრძნობდა თავს ლაღად, - არც ისინი ეხატებოდა გულზე, მაგრამ ლევიატანოს დასამხობად სპა იყო საჭირო,  ამიტომ, თვალი დახუჭა მათთან შეუთავსებელ იდეებზე და გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართვა გადაწყვიტა.
საპყრობილეში 30 წელზე მეტი გაატარა, თუმცა, ამ წლებს მისთვის მნიშვნელობაც დაჰკარგვოდა. კასტა-დივას აოხრების შემდეგ, სულ ერთი იყო, დილეგში დალევდა სულს თუ არარსებულ თავისუფლებაზე.
- ჯორი რატომ? ვკითხე მორიდებით. მივხვდი, ისედაც მობეზრებული ჰქონდა ჩემი დაუმთავრებელი კითხვები, თუმცა, წარსულში ზრდილი და კეთილშობილი მოხუცებული, გასაკიცხად ვერ გამიმეტებდა; ჰოდა, მორიდებით, მაგრამ მაინც ვისარგებლე ამით.
- იმიტომ. - მაინც მომიცილა თავიდან.
- მძივი გაგიწყდა? გინდა, მოვძებნი ბურთულას?.
- არ მინდა. მოკლედ მომიჭრა მან.
- რა გაეწყობა, წავალ და ზეგ ისევ მოვალ, ფუნთუშას და არაჟანს მოგიტან. - ვუპასუხე მე და სწრაფად ავდექი, ჩემს ვირტუალურ ჩანთას ხელი დავავლე,  ერთი თაჩით მინდოდა, უაზროდ მიმოფანტული ჩემი ფაილების ფოლდერში ჩაწყობა.
- იცი, შენი წინაპრები ვინ იყვნენ? - მკითხა უცებ გამოცოცხლებულმა იოსებმა. - მივხვდი, რაღაცის მოყოლა სურდა, თან, მადლიერების გამოხატვაც უნდოდა ასე, -კვირაში სამჯერ, მისთვის ფუნთუშა, არაჟანი, აქა-იქ ეტრუსკული ძეხვი და ორი საუკუნის წინანდელი  პრესა რომ მიმქონდა.
- ცოტა რამ ვიცი, მათ შესახებ.. -ვუპასუხე ოდნავ დაბნეული, ეჭვნარევი ხმით..
- რატომ მეკითხები?.. -ვიცი, რომ ილარიონელები იყვნენ, დუმბა-ლენდიდან, თითქმის აღარ შემორჩნენ..
- ჰო, ილარიონელები. მიპასუხა მოკლედ. - სისხლი უდუღდათ და პირდაპირ ტვინში ურტყამდათ. შენც ეგეთი ხარ. ილარიონელო. იცი, რა არის სისხლი?..
- ბუნდოვნად მახსოვს, სუროგატი მაზერბორდისგან მსმენია..  იოსები წამოწითლდა, ფერი ქორელის პალიტრასავით იცვალა, თითქოს, ახალი პროცესორი დაუყენესო, ისე წამოიმართა, ბრაზი, ბოღმა და ტროიანის ვირუსი თითქოს ერთად შეჰყროდა მის სახეს, -  გსმენია?!..  ბუნდოვნად გახსოვს?!.. - უცებ, 84 წლის ბერიკაცი, პატარა ბიჭივით წამოფრინდა და ხელი მოლბერტზე მიგდებულ, დამტვერილ მასტეხინს დასტაცა, ხმალივით მოიღერა და პირდაპირ ჩემი ხელისკენ მოიქნია...  უცნაური რამ ვიგრძენი, - თითქოს მწველმა სხივმა, ლაზერის სისწრაფით გაიარა ჩემს მკლავზე... ამ მწველმა შეგრძნებამ ნელ-ნელა იმატა და მფეთქავ სიმხურვალეში გადაიზარდა.. მკლავიდან ბლანტი, უცხო, უცნაური სუნის მქონე  სითხე წვეთავდა.. - ეს რა არის?.. ვკითხე გაოგნებულმა იოსებს...
- ბადაგონი. მიპასუხა მან და მოწყვეტით დაეხეთქა ხის, ოთხფეხა, მორყეულ სკამს...
-  ბადაგონი?.. გავიმეორე მე..
-ჰო, ბადაგონი.. ის, რაც ბუნდოვნად გახსოვს. სისხლი. კბილებს შორის გამოსცრა და თითქოს გულიდან დიდი ტვირთი მოეხსნაო, ისე მშვიდად და აუღელვებლად განაგრძო დაკარგული შუშის ბურთულის ძებნა.
 სახლში ისე წავედი, იოსებისთვის სიტყვაც არ მითქვამს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, გაწყვეტილი მძივიდან სხვა შუშის ბურთულა რომ არ ჩამოვარდნია, ჩემზე გააფთრებულს. ვერაფრით ვიხსენებდი, რა ერქვა თამაშს, რომელზეც "მესამედ მოსვლის" მზადებამდე მიყვებოდა მოხუცი, მაშინ ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე გენერალი იოსები.
 ჩემი სახლის წინ ძველი, ნახევრად დანგრეული ყავახანა იდგა, უხსოვარ დროიდან. დაძინებამდე ყავის მომარაგება და წარსულის გახსენება მქონდა განზრახული, ჰოდა, ნელ-ნელა, ფრთხილად ჩავუყევი ჩამონგრეულ კიბეებს; დაობებულ კედლებს თვალი შევავლე და მზერა იქვე, მაგიდაზე მდგარმა, ძველმა, ღვინის მწვანე  შტოფმა მიიპყრო.. იქვე, თეთრი ხელსახოცები ეწყო. შორიდან ჩანდა თეთრი, თორემ ახლოს მიხვიდოდი თუ არა, ნახევარი საუკუნის ნადებს იოლად ამოიცნობდი. მაგიდასთან დავჯექი და ჩავფიქრდი, ისევ გამახსენდა რაღაც, თუმცა, ვერაფრით ვხვდებოდი, - რა? გაუგებარი იყო, ყავახანაში ღვინის შტოფს რა ესაქმებოდა.. ამ დროს,საკმაოდ  ხანში შესული მიმტანიც მოვიდა, ხელში პატარა მუყაოს ფირფიტა ეჭირა წარწერით" მენიუ".
- აქ, თითქოს წარსულში ბრუნდება კაცი... - ამოვილუღლუღე და "მენიუს" გამოსართმევად ხელი გავუწოდე. უცებ გავშეშდი, - მიმტანის ხელზე თითქმის წაშლილი, მაგრამ კარგად გასარჩევი ასოებით ამოსვირინგებული "კასტა-დივა" ამოვიკითხე...
- ბადაგონი.. - უცებ ჩამიჩურჩულა მიმტანმა.. - გახსოვთ? -ბევრი დაიღვარა. თითქმის აღარავის აქვს. ალბათ, ასე იყო საჭირო, ისევ მიჩურჩულა.. პატარა პაუზის შემდეგ,  ხმამაღლა მითხრა, - ყავას მოგართმევთ, წინა ცხოვრებიდან, - ამერიკანოს.
- გმადლობთ, გავუღიმე მე.  

ობის, შმორის და მიწის სუნი, რომელიც ყავახანაში ტრიალებდა, ღრმად ჩავისუნთქე... ისევ იოსებზე ვფიქრობდი და მძივზე, რომელსაც ერთი, შუშის ფერადი ბურთულა აკლდა.. მხოლოდ ის გამახსენდა, რომ იმ თამაშს ვერ ითამაშებდი მანამ, სანამ ყველა მძივი თავის ადგილზე არ იქნებოდა. სამშაბათს მივალ და მოვძებნი, გავიფიქრე  და მოვსვი მწარე, ობიანი, მაგრამ მშობლიური ამერიკანო.  

No comments:

Post a Comment