Tuesday, October 22, 2013

თავი მეცხრე: Endspiel


“Let’s do some living, after we die” © Rolling Stones
იოსები 4-წლიან სამოქმედო გეგმას ადგენდა ისევ. თუმცა, ამჯერად იცოდა, მეტიც, დარწმუნებული იყო გამარჯვებაში. 84 წლის მოხუცი უკანასკნელ ძალებს იკრებდა. ეს ბრძოლა, გადამწყვეტი იყო.  ყოველ ნაბიჯს, ყოველ ამოსუნთქვას მომდევნო 4 წლის მანძილზე გასაკეთებელს, გეგმის ფარგლებში აქცევდა და მისი ჟინი, სურვილი ადამიანის ამ მიწაზე დაბრუნებისა უფრო დიდი და დაუძლეველი იყო, ვიდრე ოდესმე. 
სანამ იოსების ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდოდა, - ორი ამოცანა ჰქონდა შესასრულებელი: პირველი, რაც ყველაზე მეტად ღრღნიდა და ჭამდა ამ 34 წლის მანძილზე, ლეას ალქაჯად მონათვლა,  მისთვის ცილისწამება და ამ საქმეში, ზნეობრივების გამარჯვება იყო, მაგრამ, ამ ამბის მთავარმა გმირებმა საკუთარ მომავალს ის განაჩენი გამოუტანეს, რაც, როგორც წესი, სხვებისთვის გამოჰქონდათ-ხოლმე.  ცვილისის უახლეს ისტორიაში, რამდენიმე უმნიშვნელო ცდა იყო, ნათელი ძალების მიერ, ბნელეთის შენიღბულ მოციქულთა დამარცხებისა, -ზნეობრივებიც, სწორედ ამ პატარა, მაგრამ ძლიერ ტალღაში მოყვნენ. კასტა-დივას გადარჩენილმა რაინდმა, პრომეთეუს დრამერმა საბოლოოდ მოახერხა ზნეობრივთა ალაგმვა და მათთვის ნათელი ნიღბის ჩამოხსნა. თუმცა, ნიღაბი არ იყო მთავარი, რადგან იმხანად, ცვილისში ცოტას თუ აღელვებდა ბნელ და ნათელ ძალებს შორის ჭიდილი. ადამიანის მოდგმა გადაშენების პირას იდგა და ვირ-ჯორებს, სოდომგორებს და მსგავს არსებებს არც რაიმე წმინდა ჰქონდათ და არც ენაღვლებოდათ, ვინ ტალახში გაგორდებოდა და ვინ, - სხვასაც ამოთხვრიდა. ზნეობრივების მოძრაობა სულ მარტივ მამრავლებად დაიშალა; მიამიტთათვის და ბრმად მინდობილთათვის დიდი დარტყმა იყო, ლევიატანოს, კარნივორიუსის და დოჟის კავშირი. ბოლოს, ურჩხულ-ხელმწიფესაც აღარ დასჭირდა ისინი და სათითაოდ გააჟლეტინა გომურებსა და ბოსლებში, სადაც ბინადრობდნენ ხელმოცარული, ყოფილი ზნეობრივები.
იოსებს იმის გაგება მაინც სურდა, რატომ მოწამლეს ხათუნა ათასგვარი უწმინდურობით, რატომ აამხედრეს ის ლეას წინააღმდეგ. მელოტი კენტავრის სტუმრობის შემდეგ, საბედისწერო ღამეს, ხათუნა ლეასაც გააფრთხილებდა და იოსებსაც, დოჟის მიერ უწმინდურის გესლით შეზავებული სითხე რომ არ მიეღო, სელჩუკი მაროს ხელიდან. სწორედ იმ სითხემ გაუჩინა ხათუნას ეჭვის ჭია, რომელმაც მთავარი საქმე არ ჩაადენინა- არ ააცილებინა განსაცდელი მეუღლისა და მისი თანამოაზრესათვის. ამ ხინჯმა ხათუნას მაშინაც კი არ მისცა მოსვენება, კასტა-დივას აოხრების შემდეგ, სამშვიდობოს რომ გავიდა ბავშვებთან ერთად. მთელი სიცოცხლე ნანობდა იმ ღამით, ტყეში წაუსვლელობას. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში, სადაც თითქოს, უზრუნველყოფილი და უდარდელი ცხოვრებით იცხოვრა ღრმა სიბერემდე, მისი სიმღერაც მოსწონდათ და ბლომად კონცერტებსაც უკვეთავდნენ, მას კი, სიმღერის  ხალისიც კი დაკარგვოდა, გემოს ვერ ატანდა ვერც ნამღერსა და ვერც წარმატებას, უხვად რომ ხვდა იმ ქვეყანაშიც წილად. ბრაზი მოსდიოდა საკუთარ თავზე და სელჩუკი მაროს ასე ახლოს მოშვებასაც მწარედ ნანობდა. ოღონდ, იოსებს არასდროს გამოტყდომია ხათუნა ამაში.
 ლეას შეუთავსებლობა შენიღბულ ზნეობრივებთან კი, თავიდანვე იგრძნო იოსებმა. ლეა ანგელოზი არ ყოფილა, მხოლოდ სილაჟვარდე იყო მასში მეტი, - ლაჟვარდისფერი ჭარბობდა. ჰოდა, იოსებისგან წამოსულ სხივებსაც რბილად ატარებდა და ითვისებდა მისი სული. 34 წელი გაატარა დარდში იოსებმა, დარდობდა ლეასთვის მიცემულ სიტყვას, დარდობდა, ამ სიტყვის ვერშესრულებას და სისუსტეს, რომელმაც, საბოლოოდ ლეა იმსხვერპლა კიდეც. თავის მხრივ,  ლეამ - დაპირება შეასრულა  და მაინც მივიდა მის სანახავად ორჯერ დაპატიმრებამდე, მესამედ კი, ტასოს სტუმრობამდე რამდენიმე საათით ადრე. 
იოსებს კოლხურ „ატამანკაზე“ ჩასძინებოდა, მსუბუქი ნაბიჯის ხმამ რომ გამოაფხიზლა.. მოხუცის სახეზე გაკვირვება, დაბნეულობა და სიხარული ერთად აღიბეჭდა, მის წინ, ისევ ისეთი, 34 წლის წინანდელი იერისა და შესახედაობის მქონე მეგობარი რომ დაინახა.
- მომენატრე, კაპელმეისტერ. - ხმადაბლა უთხრა ლეამ და მიმქრალ, დაბერებულ მაგრამ ისევ თბილ თვალებში შესცინა მოხუცებულ მეგობარს. იოსებმა არ იცოდა, რა ექნა, უცებ წამოჯდა, რაღაცის თქმა უნდოდა და სიტყვა ვერ დაძრა.. ლეა იჯდა ერთხანს მომღიმარი, მერე, ოდნავ გამკაცრებული ხმით უთხრა:  - გაიღვიძე, საქმე გაქვს, გენერალო!..
-ოჰ.. ეს რაღაც ახალი მომართვაა.. რა გეჩქარებოდა, ისე? -საყვედური ერია მოხუცებულის ხმაში.
-ლიმიტს დროზე ადრე ხომ არ ამოვწურავდი? თანაც, მე სულ გადევნებდი თვალს. სულ ვიცოდი, რა ხდებოდა შენს თავს.. ერთი კია, -ვერაფერს შევცვლიდი აქამდე.  დრო მოვიდა, იოსებ, შენი მთავარი გაფრენა უნდა შეასრულო.. ხომ არ დაგავიწყდა?.
-ასაკით კი მეკუთვნოდა დავიწყება.. - უპასუხა იოსებმა მისთვის ლეასთან საუბრისთვის ჩვეული, სიცილნარევი ხმით.
-კიდევ გაქვს ოთხი წელიწადი. შენი 51 რაში  საუკეთესოდ გავწვრთვენით. კასტა-დივაში წადი. ტასო მოძებნის 49 მხედარს.. ჰო, მართლა, მთავარი დამავიწყდა, მეკითხა, - რატომ არაფერი მოუყევი?.
-თვითონ მინდა, გაიხსენოს. ჯერ ის წყეული ჩიპი მოვაცილო, მეხსიერება აღვუდგინო და სისხლი გადავუსხა, ბადაგონი.. მერე, ყველაფერს მოვუყვები.. დამიჯერე, ვიცი, რასაც ვამბობ, ტყუილად არ ვაჯანჯლებ ამდენ ხანს.. ისე, ძალიან გგავს, შენნაირი მოუთმენელია..
-არ ვიცი, სულ ვცდილობ, არ მოვკვდე მასში.. ხანდახან ზმანებებიც კი გამომიწვევია მის გონებაში, სულის გამოსაფხიზლებლად... არ ვიცი, იოსებ, ძლიერია ბნელი. მას მერე, რაც სუროგატს მიაბარეს, სულ მის მეხსიერებაში შეღწევას ვცდილობ.. ჩემი მოგონებებით რამდენ ხანს შევძლებდი მისი გონების  კვებას?  - ესეც შეზღუდული მქონდა.. ისედაც ბევრჯერ გადავაბიჯე  დადგენილ ზღვარს შემოქმედისას. მას მერე, რაც შენ დაბრუნდი, უფრო მშვიდად ვარ.. ვიცი, ისეთი ჯიუტი ხარ, მაინც შეასრულებ, რაც ჩაიფიქრე.. ხელსაც აღარავინ გიშლის, მიავიწყდა მეფის კარს შენი არსებობა.. ამ ღამით, ბუონავენტურაში დაიბარე..  დროა, უკვე..
-კარგი. დავიბარებ. ჰო, მეც ასე ვფიქრობ, რომ დროა..
-იოსებ!
-რა იყო, ლეა?..
-შენს წასაყვანად არაბი მოვა. ოთხი წლის შემდეგ. გამთენიისას. -იოსებს თითქოს ეწყინა, ამდენ ხანს უნდა ველოდო, არაბსო?.. მაგრამ მთავარი საქმე გაახსენდა და მიხვდა, ეს დრო მთლიანად უნდა გამოეყენებინა.
Adios, Magister!  უთხრა ლეამ და წავიდა.
- Adios... ჩაილაპარაკა იოსებმა.
სწორედ ეს იყო, იოსების მეორე, მთავარი ამოცანა, - ჩემი მეხსიერების ფაილის  ნაცვლად ადამიანური  გონების დაბრუნება, სოდომგორების და ლევიატანოს მოდგმის მიერ გაწყალებული სისხლის  ისევ ჩემს ძარღვებში ბადაგონით ჩანაცვლება და ნახევრად ვირტუალური, კიბერ არსებისათვის ისევ ადამის მოდგმის სულის ჩაბერვა..
იოსები არც სასწაულმოქმედი იყო და არც შემოქმედი, მაგრამ იცოდა, სად, რომელ კუნჭულში იყო ეს სული გადამალული, იცოდა გზა, მისი ტყვეობიდან დახსნისა. სხივი, რომელიც მთავარი წყაროს, -სიყვარულის ანარეკლი იყო, თანდათან ძლიერდებოდა მოხუც გენერალში და რაც მეტად დამყოლი ვიყავი მე, მისი სწავლებებისას,  ამ სხივის  გამოშვებაც უფრო და უფრო ადვილი ხდებოდა  მისთვის. ყველა კვანძი და ყველა ბურუსით მოცული ამბავი ჩემთვის, უფრო და უფრო მკაფიო და ნათელი ხდებოდა.
არც ისე დიდი დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ  მე, ტასო, -  ლეას  პატარა ქალიშვილი -  ანასტასია ვიყავი, რომელიც კასტა-დივას აოხრების შემდეგ გაიტაცეს და  რომლის მოკვდინების მუქარითაც მოაწერინეს დედაჩემის მეგობარს, მის მასწავლებელს  (და მაგისტერს, როგორც თავად უწოდებდა), აღიარებით ჩვენებაზე ხელი. საბოლოოდ, ისიც შევიტყვე, რომ იოსები, ჩემზე მეტ იმედებს ამყარებდა, ვიდრე თვით ლეაზე.
4 წლის მანძილზე ჩვენ ორის გარდა,  49 რაინდი, მათ შორის იოსების სამი ვაჟი, გაიწვრთნა ვარდენის უსახური და ბოროტი სამფლობელოს დასამხობად. არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა ცრუ, ფლიდი და გამყიდველი, როგორც თენგიზი. არც ერთ რაინდს ამ ორმოცდაცხრათაგან არ მიაჩნდა თავი მოძღვარსა და მასწავლებელზე უპირატესად. თითოეული მათგანი ოთხი წელიწადი ეუფლებოდა ადამიანობისა და რაინდობის ხელობას. და ყველაზე კარგი ის იყო, რომ იოსების მოსწავლეები ცეცხლისა და მახვილის გარდა მათი ნიჭითა და სიყვარულით შობილი ქმნილებებით სავსე ხურჯინებით იყვნენ შეიარაღებული, რასაც მოგვიანებით მათსავე გათავისუფლებულ ქალაქში ჩაიტანდნენ და გაუნაწილებდნენ გადარჩენილებს. ორმოცდათერთმეტმა მხედარმა მუსრი გაავლო უსულო სოდომგორთა ქვეყანას. ველური, ფრთოსანი რაშები გასაოცარი, უზადო  სიზუსტით ურტყამდნენ ყველაზე სუსტ წერტილებში, ცეცხლოვან ფლოქვებს ვირ-ჯორებს და მსგავს არსებებს.
როგორც ყველა დიდი ბოროტება დედამიწაზე, ისე „აღიგავა“ ცვილისი „პირისაგან მიწისა“. ადამიანის მოდგმა გადარჩა, ნათელი თანდათან გაძლიერდა და პლანეტა მზემაც არ დაიშურა გამათბობელი სხივები, აქამდე გამყინვარებისთვის განწირული მიწისათვის. ქალაქი გათბა და ნელ-ნელა, ის იერი,  სახე და სახელიც კი დაიბრუნა, რაც კეთილშობილი გენერლის, იოსების ბავშვობაში ჰქონდა.
 თბილისში ძველებურად თბილი, ბუონავენტურას ღამე იდგა. თეთრში შემოსილი არაბი ბიჭი, სამ თანმხლებთან ერთად ორმოცდაათს ოდნავ გადაცილებული იოსების გვერდით იდგა.
 სინას მთის ძირში, იქ, სადაც იოსები ცხოვრობდა იასამნის სუნი ტრიალებდა, ჰაერსაც თითქოს, მოლურჯო, მოიასამნისფრო ფერი დაჰკრავდა.
იოსები მშვიდად გაყვა არაბ ბიჭს. მთის იქით, განათებული კარუსელი მოჩანდა. ლეა იდგა მომღიმარი და მშვიდი. ხელში გრძელი, ფერადი, შუშის ბურთულებიანი მძივი ეჭირა, რომელსაც არც ერთი ბურთულა არ აკლდა.
- აგიწყვია მძივიც და საქმეც. - გაუცინა იოსებმა და 34 წლის ლოდინის შემდეგ სიამოვნებით ჩამოჯდა ლეას წინ, ხის მორზე.

-დაიწყე! უთხრა ლეას და სიხარულისგან აციმციმებულ, მონატრებულ მწვანე თვალებში გამომცდელად, - მოძღვარს და მასწავლებელს, „მაგისტერს“ რომ შეშვენოდა, - ზუსტად ისე შეხედა.    

კთავი მერვე : კოცონი


I’ve been waitin’so long
To be where I’m going
In the sunshine of your Love..
 ©Cream



კოცონის დანთებამდე რამდენიმე საათი რჩებოდა. საკანში თბილოდა, ლეას საწოლს სუსტი შუქი ეცემოდა. ლეა აღარ ფიქრობდა ბავშვებზე, აღარ ფიქრობდა სამშობლოზე, მეტიც ნაწყენი იყო მასზე, თუმცა, ცდილობდა, წყენა თან არ წაეღო და გათავისუფლებულიყო სხვა ნაპირზე გადასვლამდე. ლეა ტკივილისთვის ემზადებოდა, მაგრამ კონცენტრაციაში, ხათუნას მოსვლის შემდეგ აშლილი მოგონებები უშლიდა ხელს.
ლეამ თვალები დახუჭა, - წარმოიდგინა, როგორ სწვავდნენ და ეღიმებოდა.. იმის ნაცვლად, რომ ერთხელ მაინც შეშინებოდა, ღიმილი ადგა ბაგეზე..
უცბათ, სხივი შემოიჭრა უფანჯრო საკანში, თბილი სხივი, რომელმაც  მძივით თამაში გაახსენა, გონებაში მუსიკა აუჟღერა და  თვალწინ  მთიდან ჩამოშლილი ქვა-ღორღი და  ველურ ცხენთა რემა დაუყენა, რომელიმე თვის ათში რომ უპირებდნენ გაჭენებას ის და იოსები.  მეგობრის თბილი ხმა ჩაეღვარა თითქოს, მთელ სხეულში:
- ძალიან ტრაგიკულად მოკვდა!!! მაგრამ ადამიანურად, ყველაზე კარგად იცხოვრა!!! - იოსებს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მხატვარი, რომელზეც ლეას უყვებოდა, იმ წუთას გარდაცვლილიყო.
- როგორ მოკვდა? არ ვიცი. ეს მხატვრები რატომ კვდებიან ტრაგიკულად სულ? მეც ასე მოვკვდები?..
- იმიტომ, რომ შიათ!.. მოუჭრა იოსებმა.
-ვისაც არ შია? ის არ მოკვდება ტრაგიკულად? - გაუღიმა ლეამ.
- ხანდახან, საუბრისას გრძნობდა მის განუზომელ უპირატესობას. რამდენადაც უშუალო და სადა იყო იოსები, იმდენად იზრდებოდა-ხოლმე ლეას სიყვარული და ერთგვარი მოწიწება მის მიმართ. ზოგჯერ, თავს იმაზე ბევრად უმცროსად გრძნობდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.. იოსების საუბარს ყურადღებით და  გაფაციცებით უსმენდა, თითქოს ეშინოდა, ერთი დეტალიც არ გამომეპაროსო.. მის ჩვევას საუბრისას კი, ნამდვილად აღფრთოვანებაში მოჰყავდა, - იოსების ყოველი სიტყვა ლეას განცდილს ზუსტად ეხმიანებოდა.. ჩვილი ბავშვივით უხაროდა, იოსების მოწონებას ან საქებარ სიტყვას თუ მოისმენდა, ოღონდ შიშობდა, საკუთარი სიჯიუტით, ან, ზედმეტი გაბედულობით მისი იმედები და წარმოდგენები არ გაეცრუებინა..
-რითი გინდა სიკვდილი? ალცჰეიმერით? გაუვალობით?.. იოსებმაც გაიღიმა და მეშვიდე-მერვე კლასელს რომ შეშვენის, ზუსტად ისე აუჩეჩა უსწორმასწოროდ აჭრილი თმა ლეას.
-არა, შიმშილი სჯობს, აშკარად.. 28 წლის ყოფილა?..
-ჰო. დიახ, შიმშილით ჯობს.. ეს, უპირატესობაა, ხვდები?.. შიმშილით, წვალებით.. სიმართლისთვის დევნილობით..
-აი, დევნილობით არ მოვკვდები, არა, მაგისტერ?..
-არ ვიცი. არ გავხარ დიდმოწამეს.. -აი, შეადარე ხორციელი ნეტარება, ამ ნეტარებაში სიკვდილი, თუ შიმშილით  ან სიმართლისთვის სიკვდილი.. რომელი ჯობს?..
ლეა  დაფიქრდა, პრუსიელი მხატვრის ნახატს უყურა დიდხანს, მერე, იოსებს შეხედა და ისევ გაათბო სხივმა, კეთილშობილი გენერლის მზერას სულ რომ დაჰყვებოდა.
-მთავარია, სიკვდილამდე გაფრინდე. მთავარი გაფრენა შეასრულო.. მერე - სულ ერთია.. მერე შეგიძლია, მოკვდე.
-შენ არ მოკვდები, ლეა. უფრო სწორად, მოკვდები ბედნიერი, სიბერით. კიდევ ბევრს დახატავ, შენი ფერწერა სულ ერთი მიმართულებით მიდის. მე ამას ვგრძნობ. მე კი ისევ გასწავლი. გასწავლი სიკვდილამდე და არასდროს არ მიგატოვებ. გახსოვდეს ეს, ლეა..ჯერ მე უნდა დამმარხო და ისე მოკვდე, შვილთაშვილებით, კალთაში. ხომ დამიტირებ, გოგო, გაშლილი თმით? შენს ჯიშს რომ შეეფერება, ისე? -ლეა მიხვდა, რომ იოსები, მიუხედავად იმისა, რომ ხუმრობდა, სადღაც, გულის სიღრმეში მართლა ოცნებობდა იმაზე, რომ ლეა ფათერაკს აცილებოდა. ხვდებოდა, რომ კეთილშობილი გენერლის მთავარ სადარდებელს მისი მომავალი და მოსალოდნელი ხიფათი წარმოადგენდა, მაგრამ მაინც არ იშლიდა თავისას, არ იშლიდა, რადგან იცოდა,იოსებს ყველაზე მეტად მისი დახმარება და თანადგომა სჭირდებოდა. მიზანი, რომლისკენაც ერთად მიდიოდნენ, დიდი ხნის მომწიფებული  და უკვე ნაშობი იყო, გადაჯიშების პირას მყოფი მოდგმის ამ ორი, თითქმის უკანასკნელი წარმომადგენელისთვის.
გამთენიისას სოდომგორთა ბადრაგი შემოვიდა საკანში. ლეას ორლეანელი ქალწულის და ედინბურგელი გმირის ორი იერი გაეერთიანებინა მზერაში. ბადრაგს თვალებში არც შეუხედავს მისთვის, -  სოდომგორმა არ იცოდა მზერის ძალა, რადგანაც ეს ჯიში, არასდროს იხედებოდა თვალებში. თავჩაღუნულმა და პატიმრის გამეხებული, მაგრამ უცნაურად მშვიდი სახით დამფრთხალმა, ჩქარ-ჩქარა გამოიყვანა ალქაჯად შერაცხული საკნიდან. ქუჩაში ზღვა ხალხი ირეოდა; კოლონებად მოედინებოდა ჩმორქალაქეების ნაკადები, სხვადასხვა მხრიდან. სოდომგორების ქვედანაყოფები რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსით კეტავდნენ წმინდა გეორგიუსის ქანდაკებამდე მისასვლელ გზას. ცეცხლი გეორგიუსის შუბის სიმაღლემდე გიზგიზებდა. მელოტი კენტავრი კოცონის გარშემო დაჭენაობდა და შიგა და შიგ, მორებს ამატებდა ცეცხლს. საპატიო ტრიბუნასთან, ლოჟაში ისხდნენ ლევიატანო, კარნივორიუსი და მთელი სამეფო კარი, უკლებლივ ყველა ნაზირ-ვეზირით. მეოთხე რანგის ლოჟაში დოჟი, დალილა, ტაბაკი და თემური მოსჩანდნენ. კარნივორიუსის მოადგილემ - ყუთლუ ქურთუბიამ ბრალდება გაიმეორა,- ქვეყნის, მეფის ერისა და ბერის მოღალატე, ყველა სამაგალითოდ, აი, ასე დაიწვებაო, აუწყა ქვეშემრდომებსა და დამსწრეთ.
ლეა უკვე ეშაფოტზე იდგა, მის გვერდით მდგომმა, თეთრში შემოსილმა ახალგაზრდა არაბმა რომ უჩურჩულა, - სხივს გამოყევი, შენი სიყვარულის სხივს, გახსოვს, - რომ უნდა შემოაძარცვო ირგვლივ ყველაფერი?, აი, იმ სხივს გამოყევი ზუსტადო.. არ შეგეშინდეს, იქ მე დაგელოდებიო.
ლეას სხეულს ცეცხლი სწორედ სხივის სიჩქარით მოედო, ოდნავ მწველი, მაგრამ სასიამოვნო სითბო ჩაიღვარა მასში, ირგვლივ, იასამნის უჩვეულოდ მძაფრი სუნი დადგა და კოცონიდან ფერფლისფერის ნაცვლად მოლურჯო-მომწვანო მტვერი იყრებოდა, ახლა უკვე შადრევანის სხივებად.
არაბმა თბილად გაუღიმა ლეას, მისმა თანმხლებმა თეთრებმა კი მეორე ნაპირზე გადაიყვანეს. -აი, შენი ახალი სამოსი, თვალის ფერის მიხედვით შეგირჩია შემოქმედმა. კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ლეონორა, -უთხრა ყველაზე პატარამ და ხელში ხაკისფერი, გახამებული, თავიდან ბოლომდე შუშის მძივისებრი ღილებით შესაკრავი კაბა მიაჩეჩა.
იოსებს კი ამ დროს ეძინა და სიზმრად, ისევ პონტოს ზღვიდან ამოსული, ზღაპრული რაშების რემას ხედავდა.


***
იოსებთან ბოლო სტუმრობის შემდეგ, მეორე დღესვე მივედი. არ მასვენებდა რაღაც, რაც მინდოდა, მას აეხსნა და მოეყოლა ჩემთვის. მოხუცი ჯიუტად დუმდა. პონტოელი რაშების რემის ამბავი ისევ კიბერ ბიბლიოთეკაში მოვიძიე. ცნობები იმდენად მწირი იყო, თითქმის, ვერაფერი შევიტყვე. თავში რამდენიმე ფრაზა მიტრიალებდა და მეშინოდა, მოხუცისთვის მათი გამხელა, არ მინდოდა, ისევ ტკივილი მიმეყენებინა მისთვის.
მე და იოსები თურმე, ჩემი ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს.. სანამ სუროგატი მაზერბორდის მფარველობის ქვეშ ვიყავი, საერთოდ არ მახსოვდა ეს უცნაური მოხუცი.. წლების მანძილზე მხოლოდ მისი შეშინებული სახე მახსოვდა,რომელიც ერთხელ ვნახე, ტყვიაგაუმტარი შუშის საკანში მტირალი რომ შემიყვანეს უხეშმა არსებებმა. შეგრძნება მახსოვდა, რომელსაც გადაშენებული მოდგმა, ადრე, შიშს ეძახდა.  კიდევ იყო რაღაც.. უმწეობას რომ ეძახდნენ.. აი, ის რაღაც, ის უმწეობა დავინახე კეთილშობილი გენერლის თვალებში. ეს სურათი დიდხანს არ ამომდიოდა მეხსიერებიდან, ზოგჯერ მესიზმრებოდა კიდეც ჭაღარაშერეული, მაღალი, კაცის შეშლილი თვალები. უმწეობისგან შეშლილი, ჰო, ზუსტად ასე ჰქვია, -უმწეობისგან შეშლილი. ტყვიაგაუმტარ საკანში 7 სოდომგორის თანხლებით ჰყავდათ იოსები.  ერთი შეხედვით, გეგონებოდა მთას გადადგამს, ისეთი ღონე აქვსო, ასეც იდგა, გაკოჭილი, მაგრამ კლდესავით, უდრეკი. ჩემს დანახვაზე კი, მახსოვს, თვალები როგორ აემღვრა, სახეც შეეშალა; თავი ჩაღუნა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს ამოთქვა: -თოკი შემიხსენით.. ხელი გამითავისუფლეთ.. კალამი მომაწოდეთო.
მას მერე, ძალიან დიდი დრო გავიდა. ჩემს მეხსიერებაში ამ სურათის გარდა, კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი შემორჩენილიყო. წარსულიდან. ერთი მათგანი, - ქალი იყო, ალბათ, ოცდაათს გადაცილებული, ადამიანის ჯიშის. დიდი მწვანე თვალებით და უჩვეულო ხმით, თითქოს რინიტს უჩიოდა სულო, ისე ლაპარაკობდა.. მისი ხმა მახსოვდა დიდხანს და მისი სუნი, იასამნის მსგავსი სუნი. თანდათნ ვხვდებოდი, რომ ჩემი კავშირი ამ მოდგმასთან უფრო მჭიდრო და ახლო იყო, ვიდრე მეგონა. ყოველთვის ვგრძნობდი, იმ არსებების მხრიდან უცხო მზერას, ჩემს ქალაქში რომ ცხოვრობდნენ ახლა.. ვარდენ ლევიატანოს ძის მეფობის ჟამს, თითქმის სულ განადგურდა ყველა სახელწოდება, და ცნება, რომელიც მანამდე, პრე-ლევიატანურ ხანაში არსებობდა ამ მიწაზე..
მძიმე და დაუნდებელი დრო იდგა მაშინაც, თუმცა, გადარჩენილი არსებები დიდი ხნის შეგუებულნი იყვნენ ამ ყოფას.
ძველად თურმე, ურჩხული მეფე ლევიატანო სანამ ავიდოდა ტახტზე, ადამიანები ყველგან ყოფილან, ისინი მართავდნენ ქვეყანასაც და რაღაცნაირად, პატარ-პატარა გაერთიანებების სახითაც ყოფილან დაჯგუფებულები. სახლებში, ბინებსა და ავეჯით გაწყობილ შენობებში უცხოვრიათ, ისე, როგორც იოსები ცხოვრობდა ახლა. სადღაც-სადღაც, ისევ იყვნენ შემორჩენილი, მაგრამ, ძირითადად, სარდაფებსა და გარიყულ, თვალსმოფარებულ ადგილებში.
მხოლოდ იოსები არ იშლიდა სინას მთის ძირში, ძველებურ, ადამიანის ნაშენებ „კორპუსის ტიპის“ სახლში ცხოვრებას  მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად, დევნილობაში იმყფებოდა..
თუმცა, სამეფო კარს აღარ ანაღვლებდა, სად იცხოვრებდა იოსები, მის საქმეს დიდი ხნის მოგვარებულად და მივიწყებულად მიიჩნევდნენ. ამიტომ, 30 წლიანი პატიმრობიდან თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, აღარავინ გამოჰკიდებია, სად დაიდებდა ბინას, ისედაც, დიდი უმრავლესობით იყვნენ ჯორთა და ვირთა შთამომავლები წარმოდგენილნი.
 კიბეზე ავირბინე, კარი ძველი, ჟანგმოდებული გასაღებით გავაღე და ოთახში შევედი. ვერაფრით ვაიძულე მოხუცი გენერალი საკეტი გამოეცვალა და სენსორულ კარ-ფანჯარაზე გადასულიყო. პირიქით, დაჟინებით ცდილობდა, ამ ეპოქის სიახლე მინიმალურად დატყობოდა მის სამყოფელს.  იოსები ფეხზე იდგა და სველი ჩვრით დიდი ხნის დამტვერილ მოლბერტს წმენდდა.
-მომიყვები, მის შესახებ?.. ფრთხილად ვკითხე მას და ვირტუალური ჩანთა დენის წყაროზე მივაერთე. იოსებმა, რა თქმა უნდა, იცოდა, მოლბერტის პატრონი რომ ვიგულისხმე. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მოხუცი გენერლის გარდაცვლილ მეგობარს ეკუთვნოდა. ყველაფრის გაგება მინდოდა და ვგრძნობდი, ყველა დეტალი, რომელიც იოსების სახლში მქონდა შემჩნეული, ჩემს წარსულთნ იყო პირდაპირ გადაჯაჭვული.
-ადრეა. ჯერ სხვა რამე ვისწავლოთ. - ასეთი გამოცოცხლებული და მოხასიათებული არასდროს მენახა მოხუცი.  - სულ თავიდან დავიწყოთ, ტასო. გახსოვს, კვიცებზე მოგიყევი ერთხელ, ზღვიდან რომ ამყავდა?..
-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. აღელვებისგან სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე.
-ჰოდა, მეგულება, კიდევ ორმოცდათერთმეტი. კასტა-დივას გადარჩენილი რაშები.
გუშინ, 34 წელია, რომ  არ მოსულა, ის მეგობარი მესტუმრა. საქმე თავიდან უნდა დავიწყო, შენი დახმარება მჭირდება, პატარა გოგო, მაგრამ.. ჯერ უნდა გაიხსენო. უნდა გაიხსენო ყოველი წუთი, შენი დაბადებიდან, სუროგატთან მისვლამდე. სხივი დავკარგეთ, თორემ.. სხივი გაგახსენებდა..
-იოსები უჩვეულოდ ჩქარ-ჩქარა და საქმიანად ლაპარაკობდა, ხან თავს იქექავდა, ხან, ძველ წიგნებში იქექებოდა..  ბოლოს, კომპიუტერის ძველ ჩანთს მიადგა. შევატყვე, ხელები როგორ აუკანკალდა, არადა, ასაკის და განვლილი ტანჯვა-გვემის მიუხედავად, ჯანმთელი იყო, უცნაურად ჯანმრთელი. გვალვაგადავლილი მიწის ფერი დაედო, ძველი, კოლხური „ატამანკის“ კუთხეზე ჩამოჯდა და დამტვერილი დისკების ამოლაგება დაიწყო. დიდხანს არჩევდა თითქმის ობმოკიდებულ, ერთმანეთზე მიწებებულ დისკებს, ბოლოს, ორი ცალი ამოარჩია და გამომიწოდა.
- აი, ეს წაიღე. -მითხრა და შვებით ამოისუნთქა. 
სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი.. შუბლის ჩიპი ისევ გაღიზიანებული მქონდა, საშინლად მეწვოდა. თავზე ქუდი მქონდა ჩამოფხატული, გზაში სოდომგორებს რომ არ შეენიშნათ, იოსების  მცდელობა, პატარა ჯაყვით ამოეჭრა ის.  დიდხანს წვალობდა მოხუცი, ფრთხილად უკირკიტებდა ზედ შუბლის ძარღვზე მიმაგრებულ ჩიპს, მაგრამ ბოლოს, მაინც გადაიფიქრა, -ისევ ქირურგთნ წასვლა სჯობს, მყავს ერთი ძველი მეგობარი, ეს დისკები წაიღე, წაიკითხე, მასზე რაც არის ჩაწერილი, მერე კი ამას მივხედავთო.

ორი დღე და ღამე ვარჩევდი ლეას და იოსების მიმოწერას. თვალებიდან მარილიანი სითხე მდიოდა, გაუჩერებლად. თავიდან მეგონა, ჩიპის ამბავია ესეც-მეთქი, მერე მივხვდი, კითხვისას ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს ამ ორი ადამიანიდან ერთერთის უჯრედები ცოცხლდებოდა ჩემში. ეს პატარ-პატარა უჯრედები ხტუნვას, ცქმუტვას, სირბილს მჰოყვებოდნენ და მთელს სხეულს იპყრობდნენ, თითქოს.. რაღაცა თბილი და გაუგებარი დასრიალებდა, ზუსტად ისე, როგორც ლაზერის ან მიმქრალი პლანეტის - მზის სხივი. ვკითხულობდი ამ ზოგჯერ სრულიად გაუგებარ დიალოგებს და ვხვდებოდი, ჩემი წარსული ნელ-ნელა, ამ მიმქრალი პლანეტის სხივთან ერთად ძლიერდებოდა და იღვიძებდა სადღაც.. მარილიანი სითხე კი, როგორც ონკანიდან წყლის სუსტი ნაკადი, ისე მოდიოდა, თავისით, სენსორების შეხების გარეშე.. 

თავი მეშვიდე ხათუნა და კენტავრი


შაკიკი უტევდა ხათუნას, სახლში მელოტი კენტავრი რომ გამოეცხადა. ბოლო დროს, ისედაც ვერ იყო გუნებაზედ ხათუნა. - მისი სიმღერები თაროებზე შემოეწყო ბაიათის მსმენელს. აღარც კონცერტებს მართავდა, აღარც გასტროლი იყო მისთვის და მიღებები. დარდი და ბრაზი ერთად ერეოდა ხათუნას, ლევიატანოს გამეფების შემდეგ, უკუღმა დატრიალდა ჩარხი, რომლის ტრიალსაც მუდამ წაღმა იყო მიჩვეული. აქ, იოსების გამუდმებული და დაუმთავრებელი ბრძოლაც ემატებოდა სამეფო კართან. ხათუნას ვერაფრით გაეგო, სად აორთქლა ან ბარაქა და ან დიდება, მუდამ რომ სდევდათ თან. დიდი გზა განვლეს ერთად და ამ გზას ბოლოც არ უჩანდა, მაგრამ გადაღლილი იყო, განადგურებული. მხოლოდ მისი მოთმინება იწურებოდა, სხვა - არაფერი. ხათუნა იოსების ახალი იდეითაც არ იყო მოხიბლული, უმტკიცებდა, სისულელეა ეგ შენი დირიჟაბლი, შენს თავსაც და სხვასაც ვნებ, შენი სურვილებითა და ოცნებებით, ხორცშესხმა რომ არ უწერიაო. თან, ფრენისაც გეშინია, 17 წელია, არ გაფრენილხარ, ახლა რა შეიცვლებოდაო? იოსების ბოლო ახირებათაგან, ყველაზე მეტად, ლეა ადარდებდა ხათუნას. არც კი იცოდა, ზუსტად, რა განაწყობდა ასე. რაღაცა ჰკარნახობდა შიგნიდან, თითქოს რომელიღაც, დამფრთხალი ან ფრთხილი, პატარა ხათუნა, - საფრთხეა ლეა შენთვისაც და იოსებისთვისაცო.  ხვდებოდა, რომ ლეას ჰქონდა რაღაც, რაც  სრულიად განსხვავებულს ხდიდა, რაღაც, რაც მისთვის უცხოც იყო და ამ დროს, გასაგებიც და ახლობელიც. თავადაც მშვენივრად ესმოდა მისი და იოსების არ იყოს, მოსწონდა ლეასთან საუბარი. სხივი, რომელიც იოსების გავლით მოდიოდა მასთან, ხათუნამდეც აღწევდა და ათბობდა კიდეც მას, თუმცა, ის მოკარნახე რაღაც, ჯობნიდა ყოველთვის. ხანდახან ღიზიანდებოდა კიდეც, ლეას ზედმეტი სირბილით და შემწყნარებლობით, იოსების გამოთქმული ნებისმიერი აზრის მიმართ. ბოლომდე მაინც ვერ ხვდებოდა, რა აკავშირებდათ ასე მჭიდროდ იოსებს და ლეას. მძივებით თამაში კი საეთოდ გაუგებარი იყო მისთვის. ამიტომ თვლიდა, რომ ეს ყველაფერი, მხოლოდ ზედმეტი უსიამოვნების და ფათერაკის მომტანი იყო. ამას ამბობდა, თორემ გულის სიღრმეში ხვდებოდა, - ის არ მოსწონდა, რისი წვდომაც რთული იყო მისთვის. ხათუნა ყურადღებას და აღფრთოვანების მიღებას თავად იყო ნაჩვევი, მსმენელისგან, ჰოდა, იოსების მოსწავლეების და თანამოაზრეების მოხიბლულობა მასწავლებლით, გადამეტებულად, დაუმსახურებლად ან,  მხოლოდ მისთვის დასაშვებად მიაჩნდა. ხანდახან იოსებს უხერხემლობას და უფხობასაც საყვედურობდა, -ჩემს მეტზე, ყველაზე ფიქრობ და დარდობო, არ გენაღვლება არც ჩემი სიმღერა და არც კონცერტებიო. იცოდა, რომ ეს ბრალდებები გაზვიადებული იყო, მცდარი თუ არა, იოსების მიმართ, მაგრამ მაინც საყვედურობდა, რადგან მიაჩნდა, რომ მაინც თავად ემსხვერპლა „დიდ საქმეს“, რომელსაც ვერასდროს დაასრულებდა იოსები. 
 -ამას, მხოლოდ მე თუ მოვითმენ!.. შეშჩივლა ერთხელ ლეას. თან, გამომცდელად უყურებდა და პასუხს ელოდა მისგან..
-ნუ ითმენ. ნუ იტანჯები თმენით..მოუსმინე და გაიგებ, იგრძნობ მაინც..
უბრალოდ,  -მოუსმინე.
-  გაუმეორა ლეამ.  -ხათუნა ამ პასუხმა დააბნია და ოდნავ გაანაწყენა კიდეც. პასუხი არ გაუცია, მაგრამ დიდხანს ფიქრობდა, იმაზე, რა იგულისხმა ლეამ. სწორედ ამ ფიქრებში იყო, მელოტმა კენტავრმა რომ მიაკითხა..
-საქმე მაქვს. უთხრა მელოტმა და ისე დააკვესა მოგრძო, წვრილი და ბოროტი თვალები, -ხათუნა შეშინდა.
-რა გინდა? -ჰკითხა კენტავრს და დამფრთხალი სახით იქვე, კოლხი ბებიას ატამანკაზე ჩამოჯდა.
-ხომ იცი, რაც მინდა?  - დაგვეხმარე, -ალქაჯი კოცონზე დავწვათ და იოსებიც დავიხსნათ მისი კლანჭებიდან. ხომ იცი, შეთქმულებას რომ ამზადებენ? ვიცი, რომ იცი - უთხრა მელოტმა და თვალებში ჩააშტერდა.
ხათუნას სუნთქვა შეეკრა, - არ ეგონა, ზნეობრივებმაც თუ იცოდნენ იოსების ჩანაფიქრის შესახებ რამე.
- შეთქმულების? ხომ არ შეიშალეთ?..
-ხათუნა, თავს ნუ იკატუნებ, ყველაფერი ვიცით, გირჩევნია, დაგვეხმარო.. იოსების საქმესაც უშველი და ლეასაც მოიშორებ!..
-მერე, ვინ გითხრა, რომ მისი მოშორება მინდა?! -წამოჭარხლდა ხათუნა და ისე კოლხურად გაბრაზდა, - ტლანქი ტანის, საკმაოდ ძლიერი და უხეში კენტავრიც კი დააფრთხო აქეთ.. მელოტი მიხვდა, აზრი არ ჰქონდა ხათუნასთან დროის კარგვას, - ისევ თემურის იმედად უნდა ყოფილიყვნენ და კარნივორიუსთან ეცადათ, ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე კოცონის შეკვეთა.  
ხათუნას იმ ღამეს არ ეძინა. იცოდა, ლეას რასაც უპირებდნენ, ხვდებოდა, რომ უნდა გაეფრთხილებინა, მაგრამ რაღაც აკავებდა. დილით შეიტყო მისი დაპატიმრების და სამხედრო ტრიბუნალის დანიშვნის ამბავი. იოსები ნაცემი, ნაგვემი და განადგურებული მოიყვანეს სახლში. რამდენიმე დღე უგონოდაც იყო, კეთილშობილი გენერალი. ხათუნა თავ-ბედს იწყევლიდა, ტყეში რომ არ მიაკითხა იოსებს და ლეას და საფრთხის შესახებ რომ არ უამბო. თავს მხოლოდ იმით ინუგეშებდა, რომ არ ეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა ყველაფერი. ტრიბუნალი ორ კვირაში გაიმართა. ხათუნა ჩვენების მისაცემად მივიდა, ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება დირიჟაბლის აგებაზე და სამეფო ელიტის მეზობლებისთვის მიყიდვაზე უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებს ეკუთვნოდათ, რომ არც ლეა და არც იოსები ამ მოლაპარაკებას არ შესწრებიან, ეს ამბავი კი, დანამდვილებით- სელჩუკი მაროსგან იცოდა, რომელიც უცხო ქვეყნის მსტოვრებთან თანამშრომლობაში, ლეას დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამხილეს. მაროს ხათუნა მუსიკალური სასწავლებლიდან იცნობდა და ხანდახან, ხვდებოდა კიდეც, თანაკურსელების წვეულებებზე მას.  თუმცა, ეს ჩვენება არ მიიღეს, რადგან მიღების შემთხვევაში, უნდა გაეთვალისწინებინათ კიდეც. ასე კი, აზრს კარგავდა ბრალდება. განაჩენი რამდენიმე დღეში გამოიტანეს და  წმინდა გეორგიუსის მონუმენტის წინ, მოედანზე, კოცონისთვის მზადებაც დაიწყო.
სიკვდილმისჯილთა საკანში ხათუნამ ლეა მოინახულა. დიდხანს ისხდნენ ჩუმად. ლეას თითქოს, არ აღელვებდა, ის, რაც მის თავს ხდებოდა. დაღლილი და ფერმკრთალი იყო მხოლოდ. დუმილი ვერც ერთმა ვერ დაარღვია. ბოლოს, ბადრაგის შემოსვლამდე ლეამ მოჰხვია ხელი ხათუნას და ყურში ჩასჩურჩულა რაღაც, რაც მას არასდროს დავიწყებია, თუმცა,  არასდროს მოუყოლია ეს, იოსებისთვის..
მელოტი კენტავრი ელექტრო-ხერხით ჩეხავდა შეშას და ერთი სული ჰქონდა, მორებს საუკუნის  ჭიაკოკონას როდის შეუკეთებდა. იოსებს კი ეძინა და სიზმრად პონტოს ზღვიდან ამოსული ზღაპრული რაშების რემას ხედავდა.


თავი მეექვსე ანიმალის მორალის




თემური და მისი რაზმი, თავიდან, სულაც არ იყვნენ თემური და მისი რაზმი. თავიდან, თემური რიგითი ზნეობრივი იყო, დიდი დოჟის ჯოგიდან.
ზნეობრივებში ბევრი იყო ჯორის, აფთრის, აქლემის კუზის და ვირის მუხრუჭის ნაჯვარი ან შთამომავალი. ეს მოძრაობა  ლევიატანოს რეპრესირებული ნარჩენებისგან შეიკრიბა და შიგა და შიგ, გაუგებრობაში მოყოლილი, ადამიანის ჯიშისანიც შებოდიალდებოდნენ-ხოლმე იქ..
ლეა გვიან შეუერთდა ზნეობრივთა ქარტიას, - დოჟის ხელქვეითის ასისტენტმა შესთავაზა, - ადამიანის ჯიში გადაშენების გზას ადგას უკვე, წამო, შემოგვიერთდი და მოგვახმარე შენი ადამიანური ჭკუა-გონებაო.  
ლეას, - უკანასკნელი იმედიც რომ გაჰქრობოდა ვარდობისთვეს დაღვრილი ბადაგონის ნიაღვრების შემდეგ, ისევ აუკიაფდა  მცირე ნაპერწკალი.  თითქოს, ხავსი გაჩნდა, მოსაჭიდებელიო და დიდის ხალისით ჩაეწერა ზნეობრივ მოძრაობაში.
მსხვილძვალა, მელოტმა კენტავრმა დაადგა თვალი ლეას, ზნეობრივებში ჩაწერისთანავე. დაბნეულ, გადაშენების პირას მყოფ ადამიანის ჯიშისას თავბრუც კი დაახვია რამდენიმე კვირით, თუმცა, მოგვიანებით, მოსისხლე მტრად ექცა და ლეას დასაწვავ კოცონს, მორებიც კი შეუკეთა მელოტმა.
დოჟი დიდ, ტყავის გაფუებულ სავარძელში იჯდა. სტომაქი ისევ გადმოვარდნაზე ჰქონდა ქამრიდან. ცალ ფეხს, ქუსლზედ დაყრდნობილს, აქეთ-იქით აქანავებდა, ცალს კი, ხან შლიდა, ხან კეცავდა, - ვარიკოზი მიტევსო, ამბობდა. იქვე, პატარა, სამფეხა სკამზე, დოჟის ფავორიტი, მდაბიო წარმოშობის, მაგრამ დოჟის დიდის ძალისხმევით, ქალბატონად დასმული, შავი მდედრი წამომჯდარიყო, გაპოხილი თმითა და უხეში, მახინჯი ნაკვთებით. ხელში ფრჩლილების საჭრელი, პატარა მაკრატელი ეჭირა და ხელებს ულამაზებდა ბატონს. ცალი ხელი ქალს ედო თავის მუხლზედ, ადვილად რომ მიდგომოდა წამოზრდილ და გაუხეშებულ ფრჩხილებს მეორე ხელით კი, დოჟი, ყურს ისუფთავებდა. დაბნეული ლეა ამ დროს, კარში იდგა და ვერ გაეგო, შუადღის ტუალეტს რატომ ესწრებოდა ზნეობრივი მოძრაობის მმართველი გუნდი. 
- შემობრძანდით, ქალბატონო ლეა. - მედიდური და დამცინავი ხმით უთხრა დოჟმა. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავდა, რომ ეს ტონი, მხოლოდ ლეას ეკუთვნოდა. დოჟი საკუთარ სიდიადეს იმდენად გრძნობდა, ისე იყო გამსჭვალული თხემით-ტერფამდე თავისი უპირატესობისა და ზე-მისიონერული მნიშვნელობის შეგრძნებით, ზოგადად ჰქონდა ასეთი ჩვევა მიმართვისათვის შერჩეული.
-დაბრძანდით და მომახსენეთ, რად შეგიჩნდათ ავი სული?.. ხომ გაგაფრთხილეთ, ძვირფასო, ჩემი ლოცვები იკითხეთ, დღეში 15 მეტანია ჩემი და ჩემი წინაპრების პორტრეტების წინ, ასევე, ჩვენი საგვარეულო შემოქმედების ტაბაკისეული ანალიზი გაიარეთ კიდევ ერთხელთქო? ასე გნებავთ გასაჭირში ჩავარდნილი სამშობლოს გადარჩენა? თქვენი მოსაზრებები, ყოვლად უაზრო და საფუძველსმოკლებულია. თქვენ გგონიათ, რამე იცით, ქალბატონო ლეა?... - ცდებით, თქვენ ისიც კი ვერ გაიგეთ, რომ თქვენი უსტაბაში დალილა მამისთვალისაა.. გგონიათ, დამოუკიდებლად აზროვნების უნარი გაქვთ, რადგან გადაშენების პირას მდგარ სახეობას წარმოადგენთ? - არამც და არამც!.. მორჩილების გარეშე, ვერაფერს მივაღწევთ, დავალება გაიმეორეთ, ზეგ მობრძანდით და ჩამაბარეთ. შესრულებული სამუშაოსათვის გასამრჯელოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუკი 15 მეტანიას კიდევ 35-ს დაუმატებთ ... ლეა ცდილობდა, გაეგო, რას ემართლებოდა დიდი ისაიას შთამომავალი, მოსესა და დავითის მადლით მოსილი, 14-ჯერ მირონცხებული დოჟი, მაგრამ  არ დასცალდა, რადგან ამ დროს, მელოტმა კენტავრმა შემოანგრია ოთახის კარი...
-ის დღეც დადგება, ცეცხლზე რომ დაგწვავ, ადამიანის ნაშიერო, ჩაუსისინა ლეას და მომცრო, ლენინგორელ ჯორთან ერთად გაქუსლა, ისევ სამშობლოს დასაცავად, ცვილისის მისადგომებისაკენ. იმხანად, სოდომგორებთან დაპირისპირებულები იყვნენ ზნეობრივები და პატარ-პატარა შეტაკებების პროვოცირებაც უწევდათ, ანაზდად..
შეშინებული, დაბნეული და დაფიქრებული ლეა სახლისკენ წავიდა...
-ტაბაკი! -მკაცრად დაიძახა დოჟმა და ორმაგი ყველის სენდვიჩის დიდი ლუკმა მოიგდო ყბაში.  ტაბაკი კოჭლობით და გვერდზე გადაგდებული თავით, სწრაფი ნაბიჯით გამოცხადდა დოჟის წინაშე. 
-კარნივორიუსს დაუკავშირდი?.. ჰკითხა წარბაწეულმა დოჟმა ტაბაკის.
-დავუკავშირდი. მტკიცებულებები დადეთ, ისე ვერ მოვახერხებთ კოცონის შეკვეთასო.
-იოსებისა რა ისმის?
-წარმოდგენაც არ აქვს არაფერზე. პენოპლასტის დიდი პატრია შეუკვეთა. ამბობს,  დირიჟაბლს ავაწყობ და მერე, მე ვიციო.  თემური აედევნა გუშინ ალქაჯს, ბარბიზონელების საიდუმლო შეხვედრა შედგა..  დილით დასტური მოგვცა, ლეაც გარეულია ამ საქმეშიო.
-მშვენიერია. საქმე ისე დაასრულეთ, ეჭვიც რომ ვერ აიღოს. 
-ბარბიზონელებს რა ვუყოთ? ხელს შეგვიშლიან, ხომ იცი?.
-ვერაფერს გახდებიან.. ხათუნაც თუ ჩაერევა.
-ეგ რთული ამბავი უნდა იყოს..
ტაბაკიმ თავი მეორე მხარეს გადააგდო, მართალია, მოკლე კისერი ჰქონდა, მაგრამ მაინც ეჭიმებოდა, მით უმეტეს, რამეზე თუ შფოთავდა მაშინ. თვალები ცისკენ აღაპყრო და ლეას კოცონზე დაწვის პერსპექტივით შთაგონებულმა წარმოთქვა: - ხათუნა და კენტავრი, აი, რა გვჭირდება ჩვენ!..
ამ დროს, ბარბიზონელები მართლაც ემზადებოდნენ გიგანტური დირიჟაბლის „რევოლუციური გაშვებისთვის“.. მთელი სქემა ჰქონდათ შემუშავებული. პენოპლასტის დირიჟაბლი, ერთგვარი სატყუარა იყო, სადაც სამეფოს მთელი მმართველი ელიტა უნდა მოეთავსებინათ ბარბიზონელებს, მანამდე, მაგალითი თავად უნდა მიეცათ და თანამედროვეობის ყველაზე დიდ მიღწევად უნდა შეერაცხათ. დირიჟაბლის აგება მართლაც სასწაული ტექნოლოგიით იყო გათვლილი. - ხმელეთიდან ისე აფრინდებოდა, როგორც თვითმფრინავი, ხოლო ზღვისა ან ოკეანის  ზედაპირზე დაშვების შემთხვევაში,როგორც მაშინ ამბობდნენ, „ფეშენებელურ“ ლაინერად გადაკეთდებოდა. იოსების ხრიკის მთელი საიდუმლო კი იმაში იყო, რომ ლაინერი  თითქმის გაყიდული ჰქონდა. უნიკალურ იდეას, რომელიც მისმა განსწავლულობამ მოაფიქრებინა, ფიზიკაში, - ბევრი მსურველი გამოჩენოდა. თითქმის ყველა მეზობელს სურდა მისი ყიდვა, მაგრამ შიგთავსის ყიდვაზე არ თანხმდებოდა არავინ. იოსების ერთადერთი პირობა, მთელი სამეფო კარის მიყიდვა იყო, რომელიმე მდიდარი და სიახლეებს დანატრებული მეზობლისათვის, მაგრამ სწორედ ეს შიგთავსი, - ლევიატანო და მისი ამფსონნი ართულებდნენ საქმეს. ბარბიზონელები დღესა და ღმეს  ასწორებდნენ,  მექანიზმის უზადოდ გასამართად; პატარ-პატარა კონსტრუქციებს სარდაფში აწყობდნენ და ღამით, მალულად მიჰქონდათ ტყეში, სადაც დირიჟაბლის დიდი ფიტული ჰქონდათ აგებული. ლეა და იოსები გაუთავებლად დაობდნენ დირიჟაბლის გაშვების იდეის კონცეფციაზე. ხშირად, ჩხუბშიც კი იზრდებოდა კამათი, მაგრამ იდეითა და პერსპექტივით მოხიბლულ-შეპყრობილნი, მაინც ახერხებდნენ ერთ აზრზე შეთანხმებას.  იოსები თვლიდა, რომ მთავარი, ქალაქის და შემდეგ, სამეფოს გათავისუფლება იყო. ლეას მიაჩნდა, რომ მაგალითი მეტს მისცემდა გადაგვარებულ ჩმორქალაქეებს. ლეა რადიკალურ-ტექტონიკური ძვრების მომხრე იყო. იოსები - არა. იოსები ყოველთვის ირიბი გზით ცდილობდა მიზნის მიღწევას, ამბობდა, - ძირშია, საფუძველში კეთილი ნერგები ჩასაყრელი და მოსავლელიო. ლეა უმტკიცებდა, გადანერგვაც შეიძლება, მერწმუნეო.
იმ ღამეს ლეა უჩვეულოდ იყო შეშინებული და აფორიაქებული.
-ვერ გცნობ. დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ უთხრა იოსებმა. -ფერმკრთალიც მეჩვენები. რა მოხდა?.
-ისეთი არაფერი. - მიუგო ლეამ და თვალი აარიდა, თუმცა, იცოდა, ვერ გაექცეოდა იოსების გამჭოლ, ჯიუტ, მაგრამ მშვიდ მზერას.  - სასჯელი დამაკისრეს.. 50 მეტანიაო...  - ამის თქმა იყო და ლეა უცებ გამხიარულდა .. სიცილი აუვარდა და დაიწყო დოჟთან გადამხდარი ამბის მოყოლა. ისე იცინოდა, იოსებს ნახევარი არ ესმოდა. ცოტა ბრაზობდა კიდეც, რა ამხიარულებს, მე ვდარდობ, -ის კი ყველა სიტყვაზე იგუდება სიცილითო, მაგრამ საბოლოოდ, ლეას კისკისი მაინც გადამდები აღმოჩნდა.. იოსები უყურებდა მეგობარს და ბედნიერების, უბედურების, სიხარულის და მწუხარების ყველა გრძნობა, ადამიანისთვის ნაცნობი, ერთად ეხარშებოდა..  ეშინოდა, ლეას თავქარიანობის, მოსწონდა მისი სილაღე; არ მოსწონდა მისი სითამამე, მაგრამ უყვარდა მასთან საუბარი; თან,   შიშობდა, ლეა მისი ალღოიანობის და გამორჩეულობის გამო ზედმეტად  არ მოხვედროდა ვინმეს თვალში. ეშინოდა, მისთვის არაფერი დაეშავებინათ, მაგრამ მის გარეშე ვერ წარმოედგინა ვერც დირიჟაბლის აგება და ვერც საოცნებო კასტა-დივას აშენება მთაში. -ვითამაშოთ ერთი პარტია?.. ჰკითხა უცებ სიცილისგან დაღლილმა ლეამ. -როგორც გინდა. მიუგო იოსებმა. სიჩუმე ჩამოვარდა. იოსების და ლეას მიმდევრებს დიდი ხნის დამთავრებული ჰქონდათ საქმე და  ძრავის კონსტრუქცაც დირიჟაბლში მოეთავსებინათ. ნელ-ნელა ისე დაიშალა ყველა, დოჟის და ზნეობრივების ამბით გართულებს ვერც კი შეენიშნათ. ლეამ ხის, მუქი ქვებით გაწყობილი ყუთი ამოიღო ჩანთიდან. მას და იოსებს შორის დადგა მინდორზე. იოსებმა ყუთი გახსნა და იქიდან გრძელი, შუშის ბურთულებისგან აკინძული მძივი ამოაცურა...

თემური შორიახლოს, ხეს ამოფარებულიყო. ხელში პოლიკარპე ბაბუას ნაქონი ბინოკლი ეჭირა და ცდილობდა, კარგად გაერჩია, რას აკეთებდნენ იოსები და ლეა. მელოტი კენტავრი და ტაბაკი კარნივორიუსის მისაღებში ისხდნენ. კოცონის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო.   

თავი მეხუთე ლევიატანო


იმ საღამოს, საკუთარი სასახლის ვერანდაზე იდგა და დაღონებული გაჰყურებდა სიმწრით, ოფლით, წვალებით, ნაშენებ ქალაქს.  გულ-მუცელი ეწვოდა იმის წარმოდგენისთანავე, როგორ შეცვლიდნენ გრაალისტები მისი ნაშენები ქალაქის იერს, რომელიც საკუთარი ხელითა და ფანტაზიით აეგო, ცვილისის უმადურ მკვიდრთაგან ბოროტ ურჩხულად შერაცხულ ლევიატანოს. რა აღარ სცადა, რომელი ხუროთმოძღვრები არ დაახვია ჭაობში ჩაძირულ ქალაქს, ცივი-სვი სანუკვარი ქალაქებისას რომ დამსგავსებოდა, - მადლიერი კი არავინ იყო. მარტო იდგა ლევიატანო და შიში იპყრობდა მის სულსა და სხეულს, - მხოლოდ სოდომგორების იმედად, მტერი ყოფილიყო ამ დროში დარჩენილი.. ვეღარავის ენდობოდა, ვეღარავის არწმუნებდა მის სიმართლესა და გულწრფელობაში. თუმცა, იყო დრო, როცა აღმერთებდნენ, ფრესკებს ხატავდნენ მისი ქვეშემრდომები და მხსნელად ნათლავდნენ, ახალგაზრდა მეფეს. ამ ფრესკების მაღალი პოლიგრაფიული დონის ასლებს, შუა ხნის მკვირცხლი და ჯან-ღონით სავსე დედაკაცები ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ, ჰკოცნიდნენ, ემთხვეოდნენ და სანთლებსაც კი უნთებდნენ მათ.
მრავალი ღამე გაათენა თეთრად ლევიატანომ გამოსავალის ძიებისას... ვერაფრით მიმხვდარიყო, ბზარი სად დაესვა, როგორ გაეტეხა გრაალისტების სურვილი მისი ჩამოგდებისა და ხელმწიფედ, ტანმორჩილი ვასალის დასმისა.
- კარნივორიუსი გეახლათ, უცებ შემოესმა მსახურის ხმა ლევიატანოს. შემობრუნდა და იქვე მდგარ რუხ ვეზირს, რომელსაც ცალი თვალი ფოქს უაითის ჯალათებთან ბრძოლაში დაზიანებოდა და ამიტომ, სულ მოჭუტული ჰქონდა, - უხალისოდ ჩამოართვა ხელი. 
- მოყევი, რა ხდება? ჰკითხა მკაცრად, მაგრამ ამ სიმკაცრეს უწინდელი , შიშის მომგვერლი ელფერი დაჰკარგვოდა.
-მსტოვარს ველოდებით. - უპასუხა საქმიანად კარნივორიუსმა.  კასტა-დივას მოწაფეთაგან ერთ-ერთი ლატენტური გამცემი აღმოჩნდა. ვნახოთ, რა გამოგვივა.
-ლევიატანოს ერთი სული ჰქონდა, იოსებს დილეგში ჩაგდებულს როდის იხილავდა. გრძნობდა, რომ ერთადერთი, რასაც  შეიძლება მისი მარცხი აეცილებინა, კასტა-დივას განადგურება იყო. ლევიატანო  ხვდებოდა, რომ 600 პონტოელი რაში მის ჩარხს უკუღმა დაატრიალებდა. ამ რაშებზე ამხედრებული ადამიანები კი, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადენდნენ მისი მმართველობისთვის.
ცხენიც და ადამიანიც  ერთნაირად სძულდა ლევიატანოს. ცხენი - ადამინის მსახურებისთვის უხსოვარ დროიდან, ადამიანი კი სისუსტისათვის, მიწისა და ჯიშ-ჯილაგისადმი მიჯაჭვულობისათვის, ახლის შეცნობის და ძველის სამუდამოდ მოკვეთის შიშისათვის. სძულდა იმიტომ, რომ ადამიანები აქილიკებდნენ, დასცინოდნენ მას და ქედმაღლობდნენ მასზედ, სანამ ხელმწიფედ დასვამდნენ. სძულდა, რადგან სწორედ მათ აიყვანეს ტახტზე, ვინც სახეში და სულში აფურთხებდა მუდამ. სძულდა, რადგან ხედავდა, როგორ ეშინოდათ მისი, თუმცა ეზიზღებოდათ. რას არ ათმენინებდა შიში ლევიატანოს ქვეშემრდომებს, რა ტანჯვასა და ვაებას უძლებდნენ უბედური ცვილისის მოსახლეები, ოღონდაც კი არ მოშიებოდათ, დილეგში და წუმპეში არ ამოეყოთ თავი. ისიც იცოდა ხელმწიფემ, შიში რომ არა, მის ბუნდღას არ დატოვებდნენ, კუპრში და ცეცხლზე დაწვავდნენ, პირველსავე დღეს, როგორც კი ამის საშუალებას მისცემდა. აგინებდნენ, აფურთხებდნენ ადამიანები ლევიატანოს, თუმცა მის გამოჩენას ტაშის გრიალითა და მუხლზე ფორთხვით ხვდებოდნენ. ჰოდა, სძულდა ლევიატანოს ისინი. რაშებისა კი ეშინოდა. ეშინოდა მათი ღვთიური ძალის, ადამიანებისადმი ერთგულებისა და უამგარო სიყვარულის გამო. აკი მაშინვე ციებ-ცხელებამ აიტანა, როგორც კი მოუყვა კარნივორიუსმა,- ვიღაცას თურმე, პონტოდან კვიცები გაჰყავს გაურკვეველი მიმართულებითო.. იცოდა ლევიატანომ, სად იყო საფრთხე და ვინ შესძლებდა მის უპირობო დამარცხებასა და განდევნას. ტანმორჩილიც სძულდა ხელმწიფეს, მაგრამ ისე არ აშინებდა, როგორც იოსები. ტანმორჩილს შეამხანაგებულთა კასტას კარგად იცნობდა და მათი ფარული თუ გაცხადებული სურვილები, ცნობილი იყო მისთვის. იცოდა, როდის და რა დროს უნდა აეჟღარუნებინა ოქროს მონეტები, რა დროს უნდა შეეთავაზებინა დარბაზის პარტერში ადგილები და იმასაც უწყოდა,  - ვის მისცემდა ლოჟაში დაბრძანების ნებას.
იოსებს კი ვერაფერს მოუხერხებდა, ის, რასაც გენერალი მოსწავლეებს ასწავლიდა, ადამიანის მკერდში რომ გაუჩერებლად ბაგა-ბუგობს, აი, იმ მოგრძო რაღაცას ათბობდა, ანათებდა და მერე, ეს სინათლე გონებამდეც აღწევდა. სინათლის დაბნელების  თანამედროვე ხერხებს კი ვერ ფლობდა ლევიატანო. იმ სტანდარტებში, რომლითაც ის სახელმწიფოს მართავდა, მხოლოდ ვესპუჩიანელთა მეთოდები იყო გათვალისწინებული. სხვას არც იცნობდა და არც დრო ჰქონდა მათი გაცნობის.
ლევიატანო არ ელოდა, ასეთი მარტივი თუ იქნებოდა იოსების შეპყრობა. არც იმას მოელოდა არავინ, რომ თენგიზი გაიყიდებოდა ასე სწრაფად და უმტკივნეულოდ..  თენგიზის და კარნივორიუსის გარიგებამ, ლევიატანოს 25 წლით გაუხანგრძლივა მმართველობა. ცვილისის  ჩმორქალაქეებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს მისი ჩამოგდების იდეაზე ხელი და ბედს შეეგუენ. თუმცა, რამდენიმე დიდი ბრძოლა კი გადაიტანა ლევიატანომ. -  სოდომგორების და ჩმორქალაქეების დაპირისპირება რამდენიმე ადგილას მოხდა. პირველი, - კასტა-დივა იყო. იოსების შეპყრობის შემდეგ, 549 რაშს თავები მოჰკვეთეს, კასტა-დივას მოწაფეების დიდი ნაწილი იქვე დახვრიტეს, ნაწილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ორმა თუ სამმა მოახერხა ქვეყნიდან პონტოს ზღვით გაქცევა. შეტაკებები ცივი-სვის მისადგომებთანაც იყო, იქაც ბევრი დაიღვარა ბადაგონი.. კარნივორიუსს იოსების სიკვდილით დასჯაც უნდოდა, მაგრამ ლევიატანო მიხვდა, რომ სიკვდილზე მეტად, იოსებს ციხე დატანჯავდა. ამიტომ, სამხედრო ტრიბუნალმა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მას. ერთ-ერთმა კასტა-დიველმა, რომელიც შემთხვით გადაურჩა დაღუპვას და დაპატიმრებას, ხათუნას, იოსების შვილების და ლეას 2 ვაჟის გახიზვნა მოასწრო ქვეყნიდან. ლეას უმცროსი ქალიშვილი კი, სოდომგორებს გაეტაცათ და ტრიბუნალის წინ, სწორედ მისი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ იოსებს. სასოწარკვეთილმა გენერალმა თავი მაშინვე დამნაშავედ სცნო და აღიარებით ჩვენებას მოაწერა ხელი, ნასტასიას შეშინებულ და ატირებულ თვალებში როგორც კი ჩაიხედა.

ლევიატანომ კიდევ 25 წელი იმეფა და სიკვდილის წინ, ტახტი მის უფროს ვაჟს - ვარდენს გადასცა. 

თავი მეოთხე ოპერაცია „კასტა-დივა“


სანამ იოსები კასტა-დივას აშენებდა, ცვილისში დიდი ამბები ხდებოდა.  
მას შემდეგ, რაც პენოპლასტის დირიჟაბლის  აგება ანტისამეფოებრივ, დივერსიულ ქმედებად შეირაცხა და მთავარ დამნაშავედ, „ზნეობრივი მოძრაობის“ თანამშრომლობის დახმარებით, - ლეა სცნეს,   ჩმორქალაქეების საზოგადოება , თითქოს, გამოფხიზლების გზას დაადგა. 
დიდ ხანს წერდნენ, მსჯელობდნენ და ყაყანებდნენ მასს-მედიატორების და ექსტრასენსების საშუალებით,  - უნდა აეგოთ თუ არა, პენოპლასტის დირიჟაბლი, საერთოდ;  ლევიატანო და სოდომგორები უნდა ჩაესხათ შიგნით, თუ ოლიმპოს მკვიდრები გადაერჩინათ და გაეხიზნათ ცვილისიდან  იმასაც დიდი სჯა-ბაასი მოყვა, -  რატომ უნდა ყოფილიყო დირიჟაბლი პენოპლასტის და არა - მეტალის; -ერთნი ამტკიცებდნენ, რომ იოსების, ლეას და მათი  იდეოლოგიური მიმდევრების  -ბარბიზონელების საშუალებით, მესამე რევოლუციური ფრონტის ხაზი უნდა გახსნილიყო; მეორენი ამბობდნენ, რომ ჩმორქალაქეების და სხვა კასტების კონსოლიდაციის დეფიციტში იყო გარღვევა. 
ვერც პრე და ვერც პოსტ ფაქტუმ, ვერაფერზე შეთანხმდნენ. ამასობაში, ალუმინის ჯუჯა სახელმწიფოს ვასალმა, რომელსაც თავის ალუმინის სასახლეში, 6,5 კარატიანი ნატვრის თვალი ჰქონდა,  ახალი მოძრაობა - „გრაალისტები“ დააფუძნა.
ძიას ნატვრისთვლის შიშით, ლევიატანო სრულ აპათიას მიეცა. - სეპარატიზმის და ამბოხის  6,5 კარატიან კოეფიციენტს არ ელოდა, რადგან წლების მანძილზე, დაწრმუნებული იყო, მის ხელისუფლებას ვერავინ შეარყევდა.  ირგვლივ თუ ჰყავდა ვასალები, დასაბამიდან მასვე ემსახურებოდნენ ერთგულად...
ცოტა ხნით ადრე, თეთრწვერა ვასალს, რომელსაც  გრაალისტების ლიდერზე 2-ჯერ მცირე ნატვრისთვალი ჰქონდა, ისე სასტიკად გაუსწორდა, რომ ვეღარ წარმოიდგენდა, ვინმე თუ გაბედავდა  მის წინააღმდეგ შეთქმულების ან ამბოხის მოწყობას, თეთრწვერას ბედის გაზიარების შიშით.
მოკლედ, ცვილისში დიდი არეულობა იყო, მოსახლეობას 6,5 კარატის , ხოლო შადრევანს- სოდომგორების იმედიღა რჩებოდა.  არ იშურებდა შადრევანი მათთვის ოქროსა და ვერცხლს, 30-30-ს ურიგებდა ყოველდღიურად. რაც მეტ ჩმორქალაქეს შეიპყრობდნენ და დილეგში გამოამწყვევდნენ, მით უფრო ხშირდებოდა 30-მონეტიანი პრემია. ხმამაღალი საუბრისთვის, ქუჩაში აცა-ბაცად სიარულისთვის, ნატვრისთვლის ემბლემიანი მაისურის ჩაცმისთვის, ჟანგბადის უკანონოდ და ჭარბად მოხმარებისთვის - დაუნდობლად ისჯებოდა ცვილისის მოსახლეობა. დედაქალაქის ფარგლებს გარეთ კი, მხოლოდ ღმერთმა უწყის, რა ხდებოდა, - ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სასმელი წყლის მოხმარებაზეც კი აპატიმრებდნენ საცოდავ ჩმორქალაქეებს. ლევიატანო ბანგის და ღვთიური ფხვნილის მუდმივი ზემოქმედების ქვეშ, ისეთი აღტკინებული იყო, ციხის მოურავი რომ არა, სალოცავების უსტაბაშებსაც ითრევდა წვერით, ნატვრისთვლის მიმართ თბილი დამოკიდებულების გამომხატველი ერთი სიტყვაც რომ მოესმინა.
ამასობაში იოსები კვიცებს ზრდიდა, წიწიბურას ტყე გააშენა და სარჩო საბადებელი დღე და ღამ გასწორებული შრომით მოჰყავდა. მოსწავლეებს მათემატიკას (ზოგ შემთხვევაში, არითმეტიკას), დაღუპული ცივილიზაციების ისტორიას, მუსიკასა და  საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდა.
ღამ-ღამობით წიგნებს უკითხავდა, ამოცანებისა და სავარჯიშოების გამოყვანას ავალებდა..  მოკლედ,  ცდილობდა, ყოველი მათგანის განსაკუთრებული მონაცემი თუ ტალანტი გამოევლინა. ზოგს ინსტრუმენტი აუწყო, ზოგს - კალამი და ქაღალდი მოუმარაგა, ზოგიერთს ხატვა ეხერხებოდა და ისიც, საღებავების ბუნებისგან მოსაპოვებლად, საათობით დაეხეტებოდა ტყეში. რამდენიმე მოსწავლეს   ხის ტოტებისგან მოლბერტი და ჩვილი კვიცების ძუისგან ფუნჯებიც კი გაუკეთა. 
იოსები მიზნის მისაღწევად თავს, ცოდნას და მონდომებას არ ზოგავდა. - დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილი მეომარი, მხოლოდ ყოველმხრივ განსწავლული ადამიანისგან თუ დადგებოდა. მაშინ მძიმედ, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავდა ადამიანთა მოდგმა.
სწავლების სამი წრის დასრულების შემდეგ, იოსები ტაქტიკური მონახაზის შემუშავებას შეუდგა. მიზნის განხორციელების დასკვნითი ეტაპი ახლა იწყებოდა. ეჩვენებოდა, თითქოს ერთი ნაბიჯიღა აკლდა საბოლოო შედეგის მისაღწევად და გულში უხაროდა, მოსწავლეთა შორის თენგიზის გამორჩეულობას და ერთგულებას რომ ხედავდა. - ახლა მაინც არ დამიჯერებს ის ტუტუცი გოგოო? -ფიქრობდა იოსები და ერთი სული ჰქონდა, ლეა სწვეოდა, გამარჯვება ცხადად რომ დაემტკიცებინა მისთვის.
თენგიზი ერთი უთვისტომო, წარსულის და ფესვების არმქონე ახალგაზრდა კაცი გახლდათ. ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობდა და რატომღაც, ყოველთვის ოცნებობდა ცვილისის ბიურგერობაზე. თენგიზს დიდი და კეთილმოწყობილი ბინა, პრიალა ავტომობილი, გასტროლები და ბანკეტები ეხარბებოდა მუდამ. დუქანში მიმტანად მუშაობდა და საპორტო ქალაქში გავლით მყოფ, უცხო ქვეყნის მუსიკოსებსა თუ მომღერლებს რომ ხედავდა, ფიქრობდა, დრო მოვა და მეც მეყოლება მათნაირი თვითმფრინავი, სასეირნო იახტა თუ ლამაზი საყვარელიო. თუმცა გარეგნულად, მომხიბლავი და სადა, ამპარტავნებისგან და სიხარბისგან შორს მდგარი, გულღია კაცი ჩანდა.
თენგიზი იოსების დანახვისთანავე  მიხვდა, რომ ეს კაცი მას არა მარტო სამშვიდობოს გაიყვანდა, არამედ სანუკვარ მიზანსაც მიაღწევინებდა. როგორ, - ეს ჯერ არ იცოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც დიდ საქმეს იყო გულუბყვრილო გენერალი შეჭიდებული.
თენგიზმა მაშინვე აუღო იოსების მიმნდობ ბუნებას ალღო, გამოიცნო,თუ როგორი მოწაფე სჭირდებოდა მას. ჰოდა, სამხრეთული, ზღვისპირა სისხარტითა და გონიერებით, ზუსტად იმ როლის შესრულება გადაწყვიტა, რომლითაც ყველაზე კარგად მოერგებოდა იოსების საჭიროებას. მიუხედავად იმისა, რომ თენგიზი საშინლად უგემოვნო მუსიკას წერდა და თავს არც მეტად და არც ნაკლებად, - კომპოზიტორად ასაღებდა,  და  რომ მას ზოგადადაც, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა გემოვნებაზე და დახვეწილობაზე, მაინც მოახერხა იოსების გულის მონადირებაც და მისი ნდობის მოპოვებაც. თუმცა, დროთა განმავლობაში იეჭვა, რომ იოსების გეგმა, ხორცს ასე ადვილად ვერ შეისხამდა.
დიდი მონდომებისა და ძალისხმევის მიუხედავად, იოსების მოსწავლეები ვერ დადგნენ ისეთ მებრძოლებად, როგორც მათ მასწავლებელს სურდა. ზოგს ნიჭი არ ჰქონდა საკმარისი, ზოგს - სიზარმაცე სძლევდა, ზოგს ნადირობა და ბურთაობა ერჩივნა გონების ვარჯიშს და ზოგსაც, -ბუნება  არ ჰქონდა გამჩენისგან საკმარისად კეთილშობილი. თენგიზისთვის ყოველ წუთს და ყოველ საათს მნიშვნელობა ჰქონდა. ლევიატანოსგან ცვილისისა და ჩმორქალაქეების დახსნაზე მეტად,  საკუთარი თავი და მომავალი ედარდებოდა. რაც მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ეპარებოდა ეჭვი იოსების ჩანაფიქრის წარმატებაში, ამიტომ, ადგა და, სოდომგორთა უსტაბაშს გაურიგდა, - დაჰპირდა, მასწავლებლის გაყიდვას; მისი შეპყრობის სანაცვლოდ, ჩემს ყველა მოთხოვნას თუ შემისრულებთ, ისე მოგგვრით გაკოჭილს შუშის ციხეში, როგორც დაგიბარებიათო.
იმ დღეს, როცა იოსების ასაყვანი სპეც-ოპერაცია იგეგმებოდა, კასტა-დივას მოძღვარი მთის წვერზე იჯდა და ჩამავალ მზეს უყურებდა.
-უკვე ემზადები? ჰკითხა ლეამ და შუშის ბურთულებიანი მძივი გამოართვა. - ხომ არ გვეთამაშა ერთი პარტია?. მომენატრა ეს თამაში, იქ, ყველას თავისი მეწყვილე ჰყავს, ვერავის ავუწყვე, არ მესმის, რატომ. რა არ ვცადე.. ფუგების წერაც კი..
- როდის იყო, ფუგებს წერდი? -გაუღიმა იოსებმა. მეც მომენატრე, თავხედო გოგო. ხომ გეუბნებოდი, ცდებითქო?.. არასდროს რომ არ მიჯერებ, ამაშია საქმე. დაგეჯერებინა და ახლა აქ იქნებოდი. ლიმიტირებული კი არ გექნებოდა მიმოსვლა..
- შენ რა უფრო გაწუხებს, ეგ საზღვრები თუ შენ რომ ვერ გეხმარები?
-ორივე მაწუხებს.. ვითამაშოთ?.. წესები გახსოვს?
-მახსოვს, აკი გითხარი, ყოველდღე ვცდილობ, მეწყვილე ვიპოვოთქო?..
-ჰო. ალბათ მთავარი არ გახსოვს   -ხომ გასწავლე, მოკვეთე ზედმეტი, დატოვე არსი.  არსი კიდევ აღარ იშლება იმიტომ რომ სისავსეა.  არსი არის უბრალო და მარტივი არსი. - სიყვარულია განყენებული, როგორც ნათება, სინათლე!! კი არ უნდა გაახვიო და შეფუთო, უნდა მოაცილო დეკორაცია.  
- მე რომ მასწავლე, შენ გამოიყენე ეგ ცოდნა?.. მოკვეთე ზედმეტი?
-ის ზედმეტი ადამიანი იყო. ადამიანები. მე კი მათი მოკვეთა არ შემიძლია.
-საბოლოოდ ხომ მოკვეთე? კოცონზე უნდა დავეწვით, ეს რომ გექნა?
-მსაყვედურობ, ლეა?
-არა, იოსებ, არ გსაყვედურობ. მე ხომ არასდროს გსაყვედურობ. მე მინდა გავიგო, შენი სწავლება პრაქტიკაში როგორ ცოცხლდება. თუკი ზედმეტი უნდა მოაცილო, ხომ შეიძლება, ეს ზედმეტი ადამიანი აღმოჩნდეს? ჰოდა, ადამიანს რომ ვერ მოკვეთავ, რა უნდა ქნა?.. დაელოდო, ის სანამ მოგკვეთავს? ან, მოგსპობს?
-არ ვიცი, ლეა. ალბათ. ისევ სჯობს, მოგსპონ, ვიდრე შენ მოკვეთო. შენ - სიყვარული უნდა დაიტოვო, სიძულვილი, სიყალბე უნდა მოკვეთო. საკუთარი და არა სხვისი.  აი, ამას გეუბნებოდი. ახლაც ამას ვგულისხმობ.
-ვიცი, იოსებ.
-მაშინ რაღატომ მეკითხები?.
-დავაზუსტე.
-იოსებს გაეღიმა, იცოდა, ლეა მაინც თავის აზრზე იყო, არ ამართლებდა მის ქცევას, მაგრამ თავადაც ისე იქცეოდა, როგორც იოსები. უკან არ დაუხევია, თუმცა კარგად ესმოდა, რა ელოდა. ლეა არ საყვედურობდა ზედმეტ კაცთმოყვარეობას იოსებს, უბრალოდ, ამ ზედმეტობას თავად ემსხვერპლა და სამოთხიდანაც კი ვერ ახერხებდა აღშფოთების დამალვას.
მიუხედავად იმისა, რომ იოსები ლეას არყოფნას ყველა საქმის კეთებისას გრძნობდა, მაინც მშვიდად იყო, რადგან იცოდა, -საფრთხე მაინც აღარ ემუქრებოდა და ჩმორქალაქეების გადავისუფლებას კიდევ ერთხელ არ უნდა გადაჰყოლოდა. სადარდებელი მხოლოდ ლეას ოჯახი, მისი მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა, რომლებიც დეიდებთან ერთად იქვე იყვნენ გახიზნული, სადაც   ხათუნა და იოსების შვილები.
-ვერ მოვასწრებთ თამაშს, უთხრა ლეამ იოსებს.
-რატომ? -გაუკვირდა იოსებს. თუმცა, უკვე ხვდებოდა, - რატომაც.
-შენი 600 რაშიდან მხოლოდ 51-ის წაყვანა შემიძლია. მეტის უფლება არ მაქვს. კასტა-დივასაც ვერ დავეხმარები. გაფრთხილებდი და არ დამიჯერე. ააოხრებენ აქაურობას. შენც შეგიპყრობენ. მზად უნდა იყო ამისთვის. ვეღარაფერს შევცვლი. ლევიატანოს ლობი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. - ამის თქმაღა მოასწრო ლეამ და სოდომგორების სპეცრაზმი 66 შვეულფრენით დაესხა კასტა-დივას თავს. სპეცრაზმს კი წინ იოსების  რამდენიმე საყვარელი მოსწავლე, მათ შორის, თენგიზი მოუძღვოდა.