Tuesday, October 22, 2013

თავი მეშვიდე ხათუნა და კენტავრი


შაკიკი უტევდა ხათუნას, სახლში მელოტი კენტავრი რომ გამოეცხადა. ბოლო დროს, ისედაც ვერ იყო გუნებაზედ ხათუნა. - მისი სიმღერები თაროებზე შემოეწყო ბაიათის მსმენელს. აღარც კონცერტებს მართავდა, აღარც გასტროლი იყო მისთვის და მიღებები. დარდი და ბრაზი ერთად ერეოდა ხათუნას, ლევიატანოს გამეფების შემდეგ, უკუღმა დატრიალდა ჩარხი, რომლის ტრიალსაც მუდამ წაღმა იყო მიჩვეული. აქ, იოსების გამუდმებული და დაუმთავრებელი ბრძოლაც ემატებოდა სამეფო კართან. ხათუნას ვერაფრით გაეგო, სად აორთქლა ან ბარაქა და ან დიდება, მუდამ რომ სდევდათ თან. დიდი გზა განვლეს ერთად და ამ გზას ბოლოც არ უჩანდა, მაგრამ გადაღლილი იყო, განადგურებული. მხოლოდ მისი მოთმინება იწურებოდა, სხვა - არაფერი. ხათუნა იოსების ახალი იდეითაც არ იყო მოხიბლული, უმტკიცებდა, სისულელეა ეგ შენი დირიჟაბლი, შენს თავსაც და სხვასაც ვნებ, შენი სურვილებითა და ოცნებებით, ხორცშესხმა რომ არ უწერიაო. თან, ფრენისაც გეშინია, 17 წელია, არ გაფრენილხარ, ახლა რა შეიცვლებოდაო? იოსების ბოლო ახირებათაგან, ყველაზე მეტად, ლეა ადარდებდა ხათუნას. არც კი იცოდა, ზუსტად, რა განაწყობდა ასე. რაღაცა ჰკარნახობდა შიგნიდან, თითქოს რომელიღაც, დამფრთხალი ან ფრთხილი, პატარა ხათუნა, - საფრთხეა ლეა შენთვისაც და იოსებისთვისაცო.  ხვდებოდა, რომ ლეას ჰქონდა რაღაც, რაც  სრულიად განსხვავებულს ხდიდა, რაღაც, რაც მისთვის უცხოც იყო და ამ დროს, გასაგებიც და ახლობელიც. თავადაც მშვენივრად ესმოდა მისი და იოსების არ იყოს, მოსწონდა ლეასთან საუბარი. სხივი, რომელიც იოსების გავლით მოდიოდა მასთან, ხათუნამდეც აღწევდა და ათბობდა კიდეც მას, თუმცა, ის მოკარნახე რაღაც, ჯობნიდა ყოველთვის. ხანდახან ღიზიანდებოდა კიდეც, ლეას ზედმეტი სირბილით და შემწყნარებლობით, იოსების გამოთქმული ნებისმიერი აზრის მიმართ. ბოლომდე მაინც ვერ ხვდებოდა, რა აკავშირებდათ ასე მჭიდროდ იოსებს და ლეას. მძივებით თამაში კი საეთოდ გაუგებარი იყო მისთვის. ამიტომ თვლიდა, რომ ეს ყველაფერი, მხოლოდ ზედმეტი უსიამოვნების და ფათერაკის მომტანი იყო. ამას ამბობდა, თორემ გულის სიღრმეში ხვდებოდა, - ის არ მოსწონდა, რისი წვდომაც რთული იყო მისთვის. ხათუნა ყურადღებას და აღფრთოვანების მიღებას თავად იყო ნაჩვევი, მსმენელისგან, ჰოდა, იოსების მოსწავლეების და თანამოაზრეების მოხიბლულობა მასწავლებლით, გადამეტებულად, დაუმსახურებლად ან,  მხოლოდ მისთვის დასაშვებად მიაჩნდა. ხანდახან იოსებს უხერხემლობას და უფხობასაც საყვედურობდა, -ჩემს მეტზე, ყველაზე ფიქრობ და დარდობო, არ გენაღვლება არც ჩემი სიმღერა და არც კონცერტებიო. იცოდა, რომ ეს ბრალდებები გაზვიადებული იყო, მცდარი თუ არა, იოსების მიმართ, მაგრამ მაინც საყვედურობდა, რადგან მიაჩნდა, რომ მაინც თავად ემსხვერპლა „დიდ საქმეს“, რომელსაც ვერასდროს დაასრულებდა იოსები. 
 -ამას, მხოლოდ მე თუ მოვითმენ!.. შეშჩივლა ერთხელ ლეას. თან, გამომცდელად უყურებდა და პასუხს ელოდა მისგან..
-ნუ ითმენ. ნუ იტანჯები თმენით..მოუსმინე და გაიგებ, იგრძნობ მაინც..
უბრალოდ,  -მოუსმინე.
-  გაუმეორა ლეამ.  -ხათუნა ამ პასუხმა დააბნია და ოდნავ გაანაწყენა კიდეც. პასუხი არ გაუცია, მაგრამ დიდხანს ფიქრობდა, იმაზე, რა იგულისხმა ლეამ. სწორედ ამ ფიქრებში იყო, მელოტმა კენტავრმა რომ მიაკითხა..
-საქმე მაქვს. უთხრა მელოტმა და ისე დააკვესა მოგრძო, წვრილი და ბოროტი თვალები, -ხათუნა შეშინდა.
-რა გინდა? -ჰკითხა კენტავრს და დამფრთხალი სახით იქვე, კოლხი ბებიას ატამანკაზე ჩამოჯდა.
-ხომ იცი, რაც მინდა?  - დაგვეხმარე, -ალქაჯი კოცონზე დავწვათ და იოსებიც დავიხსნათ მისი კლანჭებიდან. ხომ იცი, შეთქმულებას რომ ამზადებენ? ვიცი, რომ იცი - უთხრა მელოტმა და თვალებში ჩააშტერდა.
ხათუნას სუნთქვა შეეკრა, - არ ეგონა, ზნეობრივებმაც თუ იცოდნენ იოსების ჩანაფიქრის შესახებ რამე.
- შეთქმულების? ხომ არ შეიშალეთ?..
-ხათუნა, თავს ნუ იკატუნებ, ყველაფერი ვიცით, გირჩევნია, დაგვეხმარო.. იოსების საქმესაც უშველი და ლეასაც მოიშორებ!..
-მერე, ვინ გითხრა, რომ მისი მოშორება მინდა?! -წამოჭარხლდა ხათუნა და ისე კოლხურად გაბრაზდა, - ტლანქი ტანის, საკმაოდ ძლიერი და უხეში კენტავრიც კი დააფრთხო აქეთ.. მელოტი მიხვდა, აზრი არ ჰქონდა ხათუნასთან დროის კარგვას, - ისევ თემურის იმედად უნდა ყოფილიყვნენ და კარნივორიუსთან ეცადათ, ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე კოცონის შეკვეთა.  
ხათუნას იმ ღამეს არ ეძინა. იცოდა, ლეას რასაც უპირებდნენ, ხვდებოდა, რომ უნდა გაეფრთხილებინა, მაგრამ რაღაც აკავებდა. დილით შეიტყო მისი დაპატიმრების და სამხედრო ტრიბუნალის დანიშვნის ამბავი. იოსები ნაცემი, ნაგვემი და განადგურებული მოიყვანეს სახლში. რამდენიმე დღე უგონოდაც იყო, კეთილშობილი გენერალი. ხათუნა თავ-ბედს იწყევლიდა, ტყეში რომ არ მიაკითხა იოსებს და ლეას და საფრთხის შესახებ რომ არ უამბო. თავს მხოლოდ იმით ინუგეშებდა, რომ არ ეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა ყველაფერი. ტრიბუნალი ორ კვირაში გაიმართა. ხათუნა ჩვენების მისაცემად მივიდა, ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება დირიჟაბლის აგებაზე და სამეფო ელიტის მეზობლებისთვის მიყიდვაზე უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებს ეკუთვნოდათ, რომ არც ლეა და არც იოსები ამ მოლაპარაკებას არ შესწრებიან, ეს ამბავი კი, დანამდვილებით- სელჩუკი მაროსგან იცოდა, რომელიც უცხო ქვეყნის მსტოვრებთან თანამშრომლობაში, ლეას დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამხილეს. მაროს ხათუნა მუსიკალური სასწავლებლიდან იცნობდა და ხანდახან, ხვდებოდა კიდეც, თანაკურსელების წვეულებებზე მას.  თუმცა, ეს ჩვენება არ მიიღეს, რადგან მიღების შემთხვევაში, უნდა გაეთვალისწინებინათ კიდეც. ასე კი, აზრს კარგავდა ბრალდება. განაჩენი რამდენიმე დღეში გამოიტანეს და  წმინდა გეორგიუსის მონუმენტის წინ, მოედანზე, კოცონისთვის მზადებაც დაიწყო.
სიკვდილმისჯილთა საკანში ხათუნამ ლეა მოინახულა. დიდხანს ისხდნენ ჩუმად. ლეას თითქოს, არ აღელვებდა, ის, რაც მის თავს ხდებოდა. დაღლილი და ფერმკრთალი იყო მხოლოდ. დუმილი ვერც ერთმა ვერ დაარღვია. ბოლოს, ბადრაგის შემოსვლამდე ლეამ მოჰხვია ხელი ხათუნას და ყურში ჩასჩურჩულა რაღაც, რაც მას არასდროს დავიწყებია, თუმცა,  არასდროს მოუყოლია ეს, იოსებისთვის..
მელოტი კენტავრი ელექტრო-ხერხით ჩეხავდა შეშას და ერთი სული ჰქონდა, მორებს საუკუნის  ჭიაკოკონას როდის შეუკეთებდა. იოსებს კი ეძინა და სიზმრად პონტოს ზღვიდან ამოსული ზღაპრული რაშების რემას ხედავდა.


No comments:

Post a Comment