Tuesday, October 22, 2013

თავი მეცხრე: Endspiel


“Let’s do some living, after we die” © Rolling Stones
იოსები 4-წლიან სამოქმედო გეგმას ადგენდა ისევ. თუმცა, ამჯერად იცოდა, მეტიც, დარწმუნებული იყო გამარჯვებაში. 84 წლის მოხუცი უკანასკნელ ძალებს იკრებდა. ეს ბრძოლა, გადამწყვეტი იყო.  ყოველ ნაბიჯს, ყოველ ამოსუნთქვას მომდევნო 4 წლის მანძილზე გასაკეთებელს, გეგმის ფარგლებში აქცევდა და მისი ჟინი, სურვილი ადამიანის ამ მიწაზე დაბრუნებისა უფრო დიდი და დაუძლეველი იყო, ვიდრე ოდესმე. 
სანამ იოსების ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდოდა, - ორი ამოცანა ჰქონდა შესასრულებელი: პირველი, რაც ყველაზე მეტად ღრღნიდა და ჭამდა ამ 34 წლის მანძილზე, ლეას ალქაჯად მონათვლა,  მისთვის ცილისწამება და ამ საქმეში, ზნეობრივების გამარჯვება იყო, მაგრამ, ამ ამბის მთავარმა გმირებმა საკუთარ მომავალს ის განაჩენი გამოუტანეს, რაც, როგორც წესი, სხვებისთვის გამოჰქონდათ-ხოლმე.  ცვილისის უახლეს ისტორიაში, რამდენიმე უმნიშვნელო ცდა იყო, ნათელი ძალების მიერ, ბნელეთის შენიღბულ მოციქულთა დამარცხებისა, -ზნეობრივებიც, სწორედ ამ პატარა, მაგრამ ძლიერ ტალღაში მოყვნენ. კასტა-დივას გადარჩენილმა რაინდმა, პრომეთეუს დრამერმა საბოლოოდ მოახერხა ზნეობრივთა ალაგმვა და მათთვის ნათელი ნიღბის ჩამოხსნა. თუმცა, ნიღაბი არ იყო მთავარი, რადგან იმხანად, ცვილისში ცოტას თუ აღელვებდა ბნელ და ნათელ ძალებს შორის ჭიდილი. ადამიანის მოდგმა გადაშენების პირას იდგა და ვირ-ჯორებს, სოდომგორებს და მსგავს არსებებს არც რაიმე წმინდა ჰქონდათ და არც ენაღვლებოდათ, ვინ ტალახში გაგორდებოდა და ვინ, - სხვასაც ამოთხვრიდა. ზნეობრივების მოძრაობა სულ მარტივ მამრავლებად დაიშალა; მიამიტთათვის და ბრმად მინდობილთათვის დიდი დარტყმა იყო, ლევიატანოს, კარნივორიუსის და დოჟის კავშირი. ბოლოს, ურჩხულ-ხელმწიფესაც აღარ დასჭირდა ისინი და სათითაოდ გააჟლეტინა გომურებსა და ბოსლებში, სადაც ბინადრობდნენ ხელმოცარული, ყოფილი ზნეობრივები.
იოსებს იმის გაგება მაინც სურდა, რატომ მოწამლეს ხათუნა ათასგვარი უწმინდურობით, რატომ აამხედრეს ის ლეას წინააღმდეგ. მელოტი კენტავრის სტუმრობის შემდეგ, საბედისწერო ღამეს, ხათუნა ლეასაც გააფრთხილებდა და იოსებსაც, დოჟის მიერ უწმინდურის გესლით შეზავებული სითხე რომ არ მიეღო, სელჩუკი მაროს ხელიდან. სწორედ იმ სითხემ გაუჩინა ხათუნას ეჭვის ჭია, რომელმაც მთავარი საქმე არ ჩაადენინა- არ ააცილებინა განსაცდელი მეუღლისა და მისი თანამოაზრესათვის. ამ ხინჯმა ხათუნას მაშინაც კი არ მისცა მოსვენება, კასტა-დივას აოხრების შემდეგ, სამშვიდობოს რომ გავიდა ბავშვებთან ერთად. მთელი სიცოცხლე ნანობდა იმ ღამით, ტყეში წაუსვლელობას. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში, სადაც თითქოს, უზრუნველყოფილი და უდარდელი ცხოვრებით იცხოვრა ღრმა სიბერემდე, მისი სიმღერაც მოსწონდათ და ბლომად კონცერტებსაც უკვეთავდნენ, მას კი, სიმღერის  ხალისიც კი დაკარგვოდა, გემოს ვერ ატანდა ვერც ნამღერსა და ვერც წარმატებას, უხვად რომ ხვდა იმ ქვეყანაშიც წილად. ბრაზი მოსდიოდა საკუთარ თავზე და სელჩუკი მაროს ასე ახლოს მოშვებასაც მწარედ ნანობდა. ოღონდ, იოსებს არასდროს გამოტყდომია ხათუნა ამაში.
 ლეას შეუთავსებლობა შენიღბულ ზნეობრივებთან კი, თავიდანვე იგრძნო იოსებმა. ლეა ანგელოზი არ ყოფილა, მხოლოდ სილაჟვარდე იყო მასში მეტი, - ლაჟვარდისფერი ჭარბობდა. ჰოდა, იოსებისგან წამოსულ სხივებსაც რბილად ატარებდა და ითვისებდა მისი სული. 34 წელი გაატარა დარდში იოსებმა, დარდობდა ლეასთვის მიცემულ სიტყვას, დარდობდა, ამ სიტყვის ვერშესრულებას და სისუსტეს, რომელმაც, საბოლოოდ ლეა იმსხვერპლა კიდეც. თავის მხრივ,  ლეამ - დაპირება შეასრულა  და მაინც მივიდა მის სანახავად ორჯერ დაპატიმრებამდე, მესამედ კი, ტასოს სტუმრობამდე რამდენიმე საათით ადრე. 
იოსებს კოლხურ „ატამანკაზე“ ჩასძინებოდა, მსუბუქი ნაბიჯის ხმამ რომ გამოაფხიზლა.. მოხუცის სახეზე გაკვირვება, დაბნეულობა და სიხარული ერთად აღიბეჭდა, მის წინ, ისევ ისეთი, 34 წლის წინანდელი იერისა და შესახედაობის მქონე მეგობარი რომ დაინახა.
- მომენატრე, კაპელმეისტერ. - ხმადაბლა უთხრა ლეამ და მიმქრალ, დაბერებულ მაგრამ ისევ თბილ თვალებში შესცინა მოხუცებულ მეგობარს. იოსებმა არ იცოდა, რა ექნა, უცებ წამოჯდა, რაღაცის თქმა უნდოდა და სიტყვა ვერ დაძრა.. ლეა იჯდა ერთხანს მომღიმარი, მერე, ოდნავ გამკაცრებული ხმით უთხრა:  - გაიღვიძე, საქმე გაქვს, გენერალო!..
-ოჰ.. ეს რაღაც ახალი მომართვაა.. რა გეჩქარებოდა, ისე? -საყვედური ერია მოხუცებულის ხმაში.
-ლიმიტს დროზე ადრე ხომ არ ამოვწურავდი? თანაც, მე სულ გადევნებდი თვალს. სულ ვიცოდი, რა ხდებოდა შენს თავს.. ერთი კია, -ვერაფერს შევცვლიდი აქამდე.  დრო მოვიდა, იოსებ, შენი მთავარი გაფრენა უნდა შეასრულო.. ხომ არ დაგავიწყდა?.
-ასაკით კი მეკუთვნოდა დავიწყება.. - უპასუხა იოსებმა მისთვის ლეასთან საუბრისთვის ჩვეული, სიცილნარევი ხმით.
-კიდევ გაქვს ოთხი წელიწადი. შენი 51 რაში  საუკეთესოდ გავწვრთვენით. კასტა-დივაში წადი. ტასო მოძებნის 49 მხედარს.. ჰო, მართლა, მთავარი დამავიწყდა, მეკითხა, - რატომ არაფერი მოუყევი?.
-თვითონ მინდა, გაიხსენოს. ჯერ ის წყეული ჩიპი მოვაცილო, მეხსიერება აღვუდგინო და სისხლი გადავუსხა, ბადაგონი.. მერე, ყველაფერს მოვუყვები.. დამიჯერე, ვიცი, რასაც ვამბობ, ტყუილად არ ვაჯანჯლებ ამდენ ხანს.. ისე, ძალიან გგავს, შენნაირი მოუთმენელია..
-არ ვიცი, სულ ვცდილობ, არ მოვკვდე მასში.. ხანდახან ზმანებებიც კი გამომიწვევია მის გონებაში, სულის გამოსაფხიზლებლად... არ ვიცი, იოსებ, ძლიერია ბნელი. მას მერე, რაც სუროგატს მიაბარეს, სულ მის მეხსიერებაში შეღწევას ვცდილობ.. ჩემი მოგონებებით რამდენ ხანს შევძლებდი მისი გონების  კვებას?  - ესეც შეზღუდული მქონდა.. ისედაც ბევრჯერ გადავაბიჯე  დადგენილ ზღვარს შემოქმედისას. მას მერე, რაც შენ დაბრუნდი, უფრო მშვიდად ვარ.. ვიცი, ისეთი ჯიუტი ხარ, მაინც შეასრულებ, რაც ჩაიფიქრე.. ხელსაც აღარავინ გიშლის, მიავიწყდა მეფის კარს შენი არსებობა.. ამ ღამით, ბუონავენტურაში დაიბარე..  დროა, უკვე..
-კარგი. დავიბარებ. ჰო, მეც ასე ვფიქრობ, რომ დროა..
-იოსებ!
-რა იყო, ლეა?..
-შენს წასაყვანად არაბი მოვა. ოთხი წლის შემდეგ. გამთენიისას. -იოსებს თითქოს ეწყინა, ამდენ ხანს უნდა ველოდო, არაბსო?.. მაგრამ მთავარი საქმე გაახსენდა და მიხვდა, ეს დრო მთლიანად უნდა გამოეყენებინა.
Adios, Magister!  უთხრა ლეამ და წავიდა.
- Adios... ჩაილაპარაკა იოსებმა.
სწორედ ეს იყო, იოსების მეორე, მთავარი ამოცანა, - ჩემი მეხსიერების ფაილის  ნაცვლად ადამიანური  გონების დაბრუნება, სოდომგორების და ლევიატანოს მოდგმის მიერ გაწყალებული სისხლის  ისევ ჩემს ძარღვებში ბადაგონით ჩანაცვლება და ნახევრად ვირტუალური, კიბერ არსებისათვის ისევ ადამის მოდგმის სულის ჩაბერვა..
იოსები არც სასწაულმოქმედი იყო და არც შემოქმედი, მაგრამ იცოდა, სად, რომელ კუნჭულში იყო ეს სული გადამალული, იცოდა გზა, მისი ტყვეობიდან დახსნისა. სხივი, რომელიც მთავარი წყაროს, -სიყვარულის ანარეკლი იყო, თანდათან ძლიერდებოდა მოხუც გენერალში და რაც მეტად დამყოლი ვიყავი მე, მისი სწავლებებისას,  ამ სხივის  გამოშვებაც უფრო და უფრო ადვილი ხდებოდა  მისთვის. ყველა კვანძი და ყველა ბურუსით მოცული ამბავი ჩემთვის, უფრო და უფრო მკაფიო და ნათელი ხდებოდა.
არც ისე დიდი დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ  მე, ტასო, -  ლეას  პატარა ქალიშვილი -  ანასტასია ვიყავი, რომელიც კასტა-დივას აოხრების შემდეგ გაიტაცეს და  რომლის მოკვდინების მუქარითაც მოაწერინეს დედაჩემის მეგობარს, მის მასწავლებელს  (და მაგისტერს, როგორც თავად უწოდებდა), აღიარებით ჩვენებაზე ხელი. საბოლოოდ, ისიც შევიტყვე, რომ იოსები, ჩემზე მეტ იმედებს ამყარებდა, ვიდრე თვით ლეაზე.
4 წლის მანძილზე ჩვენ ორის გარდა,  49 რაინდი, მათ შორის იოსების სამი ვაჟი, გაიწვრთნა ვარდენის უსახური და ბოროტი სამფლობელოს დასამხობად. არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა ცრუ, ფლიდი და გამყიდველი, როგორც თენგიზი. არც ერთ რაინდს ამ ორმოცდაცხრათაგან არ მიაჩნდა თავი მოძღვარსა და მასწავლებელზე უპირატესად. თითოეული მათგანი ოთხი წელიწადი ეუფლებოდა ადამიანობისა და რაინდობის ხელობას. და ყველაზე კარგი ის იყო, რომ იოსების მოსწავლეები ცეცხლისა და მახვილის გარდა მათი ნიჭითა და სიყვარულით შობილი ქმნილებებით სავსე ხურჯინებით იყვნენ შეიარაღებული, რასაც მოგვიანებით მათსავე გათავისუფლებულ ქალაქში ჩაიტანდნენ და გაუნაწილებდნენ გადარჩენილებს. ორმოცდათერთმეტმა მხედარმა მუსრი გაავლო უსულო სოდომგორთა ქვეყანას. ველური, ფრთოსანი რაშები გასაოცარი, უზადო  სიზუსტით ურტყამდნენ ყველაზე სუსტ წერტილებში, ცეცხლოვან ფლოქვებს ვირ-ჯორებს და მსგავს არსებებს.
როგორც ყველა დიდი ბოროტება დედამიწაზე, ისე „აღიგავა“ ცვილისი „პირისაგან მიწისა“. ადამიანის მოდგმა გადარჩა, ნათელი თანდათან გაძლიერდა და პლანეტა მზემაც არ დაიშურა გამათბობელი სხივები, აქამდე გამყინვარებისთვის განწირული მიწისათვის. ქალაქი გათბა და ნელ-ნელა, ის იერი,  სახე და სახელიც კი დაიბრუნა, რაც კეთილშობილი გენერლის, იოსების ბავშვობაში ჰქონდა.
 თბილისში ძველებურად თბილი, ბუონავენტურას ღამე იდგა. თეთრში შემოსილი არაბი ბიჭი, სამ თანმხლებთან ერთად ორმოცდაათს ოდნავ გადაცილებული იოსების გვერდით იდგა.
 სინას მთის ძირში, იქ, სადაც იოსები ცხოვრობდა იასამნის სუნი ტრიალებდა, ჰაერსაც თითქოს, მოლურჯო, მოიასამნისფრო ფერი დაჰკრავდა.
იოსები მშვიდად გაყვა არაბ ბიჭს. მთის იქით, განათებული კარუსელი მოჩანდა. ლეა იდგა მომღიმარი და მშვიდი. ხელში გრძელი, ფერადი, შუშის ბურთულებიანი მძივი ეჭირა, რომელსაც არც ერთი ბურთულა არ აკლდა.
- აგიწყვია მძივიც და საქმეც. - გაუცინა იოსებმა და 34 წლის ლოდინის შემდეგ სიამოვნებით ჩამოჯდა ლეას წინ, ხის მორზე.

-დაიწყე! უთხრა ლეას და სიხარულისგან აციმციმებულ, მონატრებულ მწვანე თვალებში გამომცდელად, - მოძღვარს და მასწავლებელს, „მაგისტერს“ რომ შეშვენოდა, - ზუსტად ისე შეხედა.    

No comments:

Post a Comment