Tuesday, October 22, 2013

თავი მეხუთე ლევიატანო


იმ საღამოს, საკუთარი სასახლის ვერანდაზე იდგა და დაღონებული გაჰყურებდა სიმწრით, ოფლით, წვალებით, ნაშენებ ქალაქს.  გულ-მუცელი ეწვოდა იმის წარმოდგენისთანავე, როგორ შეცვლიდნენ გრაალისტები მისი ნაშენები ქალაქის იერს, რომელიც საკუთარი ხელითა და ფანტაზიით აეგო, ცვილისის უმადურ მკვიდრთაგან ბოროტ ურჩხულად შერაცხულ ლევიატანოს. რა აღარ სცადა, რომელი ხუროთმოძღვრები არ დაახვია ჭაობში ჩაძირულ ქალაქს, ცივი-სვი სანუკვარი ქალაქებისას რომ დამსგავსებოდა, - მადლიერი კი არავინ იყო. მარტო იდგა ლევიატანო და შიში იპყრობდა მის სულსა და სხეულს, - მხოლოდ სოდომგორების იმედად, მტერი ყოფილიყო ამ დროში დარჩენილი.. ვეღარავის ენდობოდა, ვეღარავის არწმუნებდა მის სიმართლესა და გულწრფელობაში. თუმცა, იყო დრო, როცა აღმერთებდნენ, ფრესკებს ხატავდნენ მისი ქვეშემრდომები და მხსნელად ნათლავდნენ, ახალგაზრდა მეფეს. ამ ფრესკების მაღალი პოლიგრაფიული დონის ასლებს, შუა ხნის მკვირცხლი და ჯან-ღონით სავსე დედაკაცები ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ, ჰკოცნიდნენ, ემთხვეოდნენ და სანთლებსაც კი უნთებდნენ მათ.
მრავალი ღამე გაათენა თეთრად ლევიატანომ გამოსავალის ძიებისას... ვერაფრით მიმხვდარიყო, ბზარი სად დაესვა, როგორ გაეტეხა გრაალისტების სურვილი მისი ჩამოგდებისა და ხელმწიფედ, ტანმორჩილი ვასალის დასმისა.
- კარნივორიუსი გეახლათ, უცებ შემოესმა მსახურის ხმა ლევიატანოს. შემობრუნდა და იქვე მდგარ რუხ ვეზირს, რომელსაც ცალი თვალი ფოქს უაითის ჯალათებთან ბრძოლაში დაზიანებოდა და ამიტომ, სულ მოჭუტული ჰქონდა, - უხალისოდ ჩამოართვა ხელი. 
- მოყევი, რა ხდება? ჰკითხა მკაცრად, მაგრამ ამ სიმკაცრეს უწინდელი , შიშის მომგვერლი ელფერი დაჰკარგვოდა.
-მსტოვარს ველოდებით. - უპასუხა საქმიანად კარნივორიუსმა.  კასტა-დივას მოწაფეთაგან ერთ-ერთი ლატენტური გამცემი აღმოჩნდა. ვნახოთ, რა გამოგვივა.
-ლევიატანოს ერთი სული ჰქონდა, იოსებს დილეგში ჩაგდებულს როდის იხილავდა. გრძნობდა, რომ ერთადერთი, რასაც  შეიძლება მისი მარცხი აეცილებინა, კასტა-დივას განადგურება იყო. ლევიატანო  ხვდებოდა, რომ 600 პონტოელი რაში მის ჩარხს უკუღმა დაატრიალებდა. ამ რაშებზე ამხედრებული ადამიანები კი, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადენდნენ მისი მმართველობისთვის.
ცხენიც და ადამიანიც  ერთნაირად სძულდა ლევიატანოს. ცხენი - ადამინის მსახურებისთვის უხსოვარ დროიდან, ადამიანი კი სისუსტისათვის, მიწისა და ჯიშ-ჯილაგისადმი მიჯაჭვულობისათვის, ახლის შეცნობის და ძველის სამუდამოდ მოკვეთის შიშისათვის. სძულდა იმიტომ, რომ ადამიანები აქილიკებდნენ, დასცინოდნენ მას და ქედმაღლობდნენ მასზედ, სანამ ხელმწიფედ დასვამდნენ. სძულდა, რადგან სწორედ მათ აიყვანეს ტახტზე, ვინც სახეში და სულში აფურთხებდა მუდამ. სძულდა, რადგან ხედავდა, როგორ ეშინოდათ მისი, თუმცა ეზიზღებოდათ. რას არ ათმენინებდა შიში ლევიატანოს ქვეშემრდომებს, რა ტანჯვასა და ვაებას უძლებდნენ უბედური ცვილისის მოსახლეები, ოღონდაც კი არ მოშიებოდათ, დილეგში და წუმპეში არ ამოეყოთ თავი. ისიც იცოდა ხელმწიფემ, შიში რომ არა, მის ბუნდღას არ დატოვებდნენ, კუპრში და ცეცხლზე დაწვავდნენ, პირველსავე დღეს, როგორც კი ამის საშუალებას მისცემდა. აგინებდნენ, აფურთხებდნენ ადამიანები ლევიატანოს, თუმცა მის გამოჩენას ტაშის გრიალითა და მუხლზე ფორთხვით ხვდებოდნენ. ჰოდა, სძულდა ლევიატანოს ისინი. რაშებისა კი ეშინოდა. ეშინოდა მათი ღვთიური ძალის, ადამიანებისადმი ერთგულებისა და უამგარო სიყვარულის გამო. აკი მაშინვე ციებ-ცხელებამ აიტანა, როგორც კი მოუყვა კარნივორიუსმა,- ვიღაცას თურმე, პონტოდან კვიცები გაჰყავს გაურკვეველი მიმართულებითო.. იცოდა ლევიატანომ, სად იყო საფრთხე და ვინ შესძლებდა მის უპირობო დამარცხებასა და განდევნას. ტანმორჩილიც სძულდა ხელმწიფეს, მაგრამ ისე არ აშინებდა, როგორც იოსები. ტანმორჩილს შეამხანაგებულთა კასტას კარგად იცნობდა და მათი ფარული თუ გაცხადებული სურვილები, ცნობილი იყო მისთვის. იცოდა, როდის და რა დროს უნდა აეჟღარუნებინა ოქროს მონეტები, რა დროს უნდა შეეთავაზებინა დარბაზის პარტერში ადგილები და იმასაც უწყოდა,  - ვის მისცემდა ლოჟაში დაბრძანების ნებას.
იოსებს კი ვერაფერს მოუხერხებდა, ის, რასაც გენერალი მოსწავლეებს ასწავლიდა, ადამიანის მკერდში რომ გაუჩერებლად ბაგა-ბუგობს, აი, იმ მოგრძო რაღაცას ათბობდა, ანათებდა და მერე, ეს სინათლე გონებამდეც აღწევდა. სინათლის დაბნელების  თანამედროვე ხერხებს კი ვერ ფლობდა ლევიატანო. იმ სტანდარტებში, რომლითაც ის სახელმწიფოს მართავდა, მხოლოდ ვესპუჩიანელთა მეთოდები იყო გათვალისწინებული. სხვას არც იცნობდა და არც დრო ჰქონდა მათი გაცნობის.
ლევიატანო არ ელოდა, ასეთი მარტივი თუ იქნებოდა იოსების შეპყრობა. არც იმას მოელოდა არავინ, რომ თენგიზი გაიყიდებოდა ასე სწრაფად და უმტკივნეულოდ..  თენგიზის და კარნივორიუსის გარიგებამ, ლევიატანოს 25 წლით გაუხანგრძლივა მმართველობა. ცვილისის  ჩმორქალაქეებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს მისი ჩამოგდების იდეაზე ხელი და ბედს შეეგუენ. თუმცა, რამდენიმე დიდი ბრძოლა კი გადაიტანა ლევიატანომ. -  სოდომგორების და ჩმორქალაქეების დაპირისპირება რამდენიმე ადგილას მოხდა. პირველი, - კასტა-დივა იყო. იოსების შეპყრობის შემდეგ, 549 რაშს თავები მოჰკვეთეს, კასტა-დივას მოწაფეების დიდი ნაწილი იქვე დახვრიტეს, ნაწილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ორმა თუ სამმა მოახერხა ქვეყნიდან პონტოს ზღვით გაქცევა. შეტაკებები ცივი-სვის მისადგომებთანაც იყო, იქაც ბევრი დაიღვარა ბადაგონი.. კარნივორიუსს იოსების სიკვდილით დასჯაც უნდოდა, მაგრამ ლევიატანო მიხვდა, რომ სიკვდილზე მეტად, იოსებს ციხე დატანჯავდა. ამიტომ, სამხედრო ტრიბუნალმა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მას. ერთ-ერთმა კასტა-დიველმა, რომელიც შემთხვით გადაურჩა დაღუპვას და დაპატიმრებას, ხათუნას, იოსების შვილების და ლეას 2 ვაჟის გახიზვნა მოასწრო ქვეყნიდან. ლეას უმცროსი ქალიშვილი კი, სოდომგორებს გაეტაცათ და ტრიბუნალის წინ, სწორედ მისი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ იოსებს. სასოწარკვეთილმა გენერალმა თავი მაშინვე დამნაშავედ სცნო და აღიარებით ჩვენებას მოაწერა ხელი, ნასტასიას შეშინებულ და ატირებულ თვალებში როგორც კი ჩაიხედა.

ლევიატანომ კიდევ 25 წელი იმეფა და სიკვდილის წინ, ტახტი მის უფროს ვაჟს - ვარდენს გადასცა. 

No comments:

Post a Comment