Tuesday, October 22, 2013

თავი მეექვსე ანიმალის მორალის




თემური და მისი რაზმი, თავიდან, სულაც არ იყვნენ თემური და მისი რაზმი. თავიდან, თემური რიგითი ზნეობრივი იყო, დიდი დოჟის ჯოგიდან.
ზნეობრივებში ბევრი იყო ჯორის, აფთრის, აქლემის კუზის და ვირის მუხრუჭის ნაჯვარი ან შთამომავალი. ეს მოძრაობა  ლევიატანოს რეპრესირებული ნარჩენებისგან შეიკრიბა და შიგა და შიგ, გაუგებრობაში მოყოლილი, ადამიანის ჯიშისანიც შებოდიალდებოდნენ-ხოლმე იქ..
ლეა გვიან შეუერთდა ზნეობრივთა ქარტიას, - დოჟის ხელქვეითის ასისტენტმა შესთავაზა, - ადამიანის ჯიში გადაშენების გზას ადგას უკვე, წამო, შემოგვიერთდი და მოგვახმარე შენი ადამიანური ჭკუა-გონებაო.  
ლეას, - უკანასკნელი იმედიც რომ გაჰქრობოდა ვარდობისთვეს დაღვრილი ბადაგონის ნიაღვრების შემდეგ, ისევ აუკიაფდა  მცირე ნაპერწკალი.  თითქოს, ხავსი გაჩნდა, მოსაჭიდებელიო და დიდის ხალისით ჩაეწერა ზნეობრივ მოძრაობაში.
მსხვილძვალა, მელოტმა კენტავრმა დაადგა თვალი ლეას, ზნეობრივებში ჩაწერისთანავე. დაბნეულ, გადაშენების პირას მყოფ ადამიანის ჯიშისას თავბრუც კი დაახვია რამდენიმე კვირით, თუმცა, მოგვიანებით, მოსისხლე მტრად ექცა და ლეას დასაწვავ კოცონს, მორებიც კი შეუკეთა მელოტმა.
დოჟი დიდ, ტყავის გაფუებულ სავარძელში იჯდა. სტომაქი ისევ გადმოვარდნაზე ჰქონდა ქამრიდან. ცალ ფეხს, ქუსლზედ დაყრდნობილს, აქეთ-იქით აქანავებდა, ცალს კი, ხან შლიდა, ხან კეცავდა, - ვარიკოზი მიტევსო, ამბობდა. იქვე, პატარა, სამფეხა სკამზე, დოჟის ფავორიტი, მდაბიო წარმოშობის, მაგრამ დოჟის დიდის ძალისხმევით, ქალბატონად დასმული, შავი მდედრი წამომჯდარიყო, გაპოხილი თმითა და უხეში, მახინჯი ნაკვთებით. ხელში ფრჩლილების საჭრელი, პატარა მაკრატელი ეჭირა და ხელებს ულამაზებდა ბატონს. ცალი ხელი ქალს ედო თავის მუხლზედ, ადვილად რომ მიდგომოდა წამოზრდილ და გაუხეშებულ ფრჩხილებს მეორე ხელით კი, დოჟი, ყურს ისუფთავებდა. დაბნეული ლეა ამ დროს, კარში იდგა და ვერ გაეგო, შუადღის ტუალეტს რატომ ესწრებოდა ზნეობრივი მოძრაობის მმართველი გუნდი. 
- შემობრძანდით, ქალბატონო ლეა. - მედიდური და დამცინავი ხმით უთხრა დოჟმა. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავდა, რომ ეს ტონი, მხოლოდ ლეას ეკუთვნოდა. დოჟი საკუთარ სიდიადეს იმდენად გრძნობდა, ისე იყო გამსჭვალული თხემით-ტერფამდე თავისი უპირატესობისა და ზე-მისიონერული მნიშვნელობის შეგრძნებით, ზოგადად ჰქონდა ასეთი ჩვევა მიმართვისათვის შერჩეული.
-დაბრძანდით და მომახსენეთ, რად შეგიჩნდათ ავი სული?.. ხომ გაგაფრთხილეთ, ძვირფასო, ჩემი ლოცვები იკითხეთ, დღეში 15 მეტანია ჩემი და ჩემი წინაპრების პორტრეტების წინ, ასევე, ჩვენი საგვარეულო შემოქმედების ტაბაკისეული ანალიზი გაიარეთ კიდევ ერთხელთქო? ასე გნებავთ გასაჭირში ჩავარდნილი სამშობლოს გადარჩენა? თქვენი მოსაზრებები, ყოვლად უაზრო და საფუძველსმოკლებულია. თქვენ გგონიათ, რამე იცით, ქალბატონო ლეა?... - ცდებით, თქვენ ისიც კი ვერ გაიგეთ, რომ თქვენი უსტაბაში დალილა მამისთვალისაა.. გგონიათ, დამოუკიდებლად აზროვნების უნარი გაქვთ, რადგან გადაშენების პირას მდგარ სახეობას წარმოადგენთ? - არამც და არამც!.. მორჩილების გარეშე, ვერაფერს მივაღწევთ, დავალება გაიმეორეთ, ზეგ მობრძანდით და ჩამაბარეთ. შესრულებული სამუშაოსათვის გასამრჯელოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუკი 15 მეტანიას კიდევ 35-ს დაუმატებთ ... ლეა ცდილობდა, გაეგო, რას ემართლებოდა დიდი ისაიას შთამომავალი, მოსესა და დავითის მადლით მოსილი, 14-ჯერ მირონცხებული დოჟი, მაგრამ  არ დასცალდა, რადგან ამ დროს, მელოტმა კენტავრმა შემოანგრია ოთახის კარი...
-ის დღეც დადგება, ცეცხლზე რომ დაგწვავ, ადამიანის ნაშიერო, ჩაუსისინა ლეას და მომცრო, ლენინგორელ ჯორთან ერთად გაქუსლა, ისევ სამშობლოს დასაცავად, ცვილისის მისადგომებისაკენ. იმხანად, სოდომგორებთან დაპირისპირებულები იყვნენ ზნეობრივები და პატარ-პატარა შეტაკებების პროვოცირებაც უწევდათ, ანაზდად..
შეშინებული, დაბნეული და დაფიქრებული ლეა სახლისკენ წავიდა...
-ტაბაკი! -მკაცრად დაიძახა დოჟმა და ორმაგი ყველის სენდვიჩის დიდი ლუკმა მოიგდო ყბაში.  ტაბაკი კოჭლობით და გვერდზე გადაგდებული თავით, სწრაფი ნაბიჯით გამოცხადდა დოჟის წინაშე. 
-კარნივორიუსს დაუკავშირდი?.. ჰკითხა წარბაწეულმა დოჟმა ტაბაკის.
-დავუკავშირდი. მტკიცებულებები დადეთ, ისე ვერ მოვახერხებთ კოცონის შეკვეთასო.
-იოსებისა რა ისმის?
-წარმოდგენაც არ აქვს არაფერზე. პენოპლასტის დიდი პატრია შეუკვეთა. ამბობს,  დირიჟაბლს ავაწყობ და მერე, მე ვიციო.  თემური აედევნა გუშინ ალქაჯს, ბარბიზონელების საიდუმლო შეხვედრა შედგა..  დილით დასტური მოგვცა, ლეაც გარეულია ამ საქმეშიო.
-მშვენიერია. საქმე ისე დაასრულეთ, ეჭვიც რომ ვერ აიღოს. 
-ბარბიზონელებს რა ვუყოთ? ხელს შეგვიშლიან, ხომ იცი?.
-ვერაფერს გახდებიან.. ხათუნაც თუ ჩაერევა.
-ეგ რთული ამბავი უნდა იყოს..
ტაბაკიმ თავი მეორე მხარეს გადააგდო, მართალია, მოკლე კისერი ჰქონდა, მაგრამ მაინც ეჭიმებოდა, მით უმეტეს, რამეზე თუ შფოთავდა მაშინ. თვალები ცისკენ აღაპყრო და ლეას კოცონზე დაწვის პერსპექტივით შთაგონებულმა წარმოთქვა: - ხათუნა და კენტავრი, აი, რა გვჭირდება ჩვენ!..
ამ დროს, ბარბიზონელები მართლაც ემზადებოდნენ გიგანტური დირიჟაბლის „რევოლუციური გაშვებისთვის“.. მთელი სქემა ჰქონდათ შემუშავებული. პენოპლასტის დირიჟაბლი, ერთგვარი სატყუარა იყო, სადაც სამეფოს მთელი მმართველი ელიტა უნდა მოეთავსებინათ ბარბიზონელებს, მანამდე, მაგალითი თავად უნდა მიეცათ და თანამედროვეობის ყველაზე დიდ მიღწევად უნდა შეერაცხათ. დირიჟაბლის აგება მართლაც სასწაული ტექნოლოგიით იყო გათვლილი. - ხმელეთიდან ისე აფრინდებოდა, როგორც თვითმფრინავი, ხოლო ზღვისა ან ოკეანის  ზედაპირზე დაშვების შემთხვევაში,როგორც მაშინ ამბობდნენ, „ფეშენებელურ“ ლაინერად გადაკეთდებოდა. იოსების ხრიკის მთელი საიდუმლო კი იმაში იყო, რომ ლაინერი  თითქმის გაყიდული ჰქონდა. უნიკალურ იდეას, რომელიც მისმა განსწავლულობამ მოაფიქრებინა, ფიზიკაში, - ბევრი მსურველი გამოჩენოდა. თითქმის ყველა მეზობელს სურდა მისი ყიდვა, მაგრამ შიგთავსის ყიდვაზე არ თანხმდებოდა არავინ. იოსების ერთადერთი პირობა, მთელი სამეფო კარის მიყიდვა იყო, რომელიმე მდიდარი და სიახლეებს დანატრებული მეზობლისათვის, მაგრამ სწორედ ეს შიგთავსი, - ლევიატანო და მისი ამფსონნი ართულებდნენ საქმეს. ბარბიზონელები დღესა და ღმეს  ასწორებდნენ,  მექანიზმის უზადოდ გასამართად; პატარ-პატარა კონსტრუქციებს სარდაფში აწყობდნენ და ღამით, მალულად მიჰქონდათ ტყეში, სადაც დირიჟაბლის დიდი ფიტული ჰქონდათ აგებული. ლეა და იოსები გაუთავებლად დაობდნენ დირიჟაბლის გაშვების იდეის კონცეფციაზე. ხშირად, ჩხუბშიც კი იზრდებოდა კამათი, მაგრამ იდეითა და პერსპექტივით მოხიბლულ-შეპყრობილნი, მაინც ახერხებდნენ ერთ აზრზე შეთანხმებას.  იოსები თვლიდა, რომ მთავარი, ქალაქის და შემდეგ, სამეფოს გათავისუფლება იყო. ლეას მიაჩნდა, რომ მაგალითი მეტს მისცემდა გადაგვარებულ ჩმორქალაქეებს. ლეა რადიკალურ-ტექტონიკური ძვრების მომხრე იყო. იოსები - არა. იოსები ყოველთვის ირიბი გზით ცდილობდა მიზნის მიღწევას, ამბობდა, - ძირშია, საფუძველში კეთილი ნერგები ჩასაყრელი და მოსავლელიო. ლეა უმტკიცებდა, გადანერგვაც შეიძლება, მერწმუნეო.
იმ ღამეს ლეა უჩვეულოდ იყო შეშინებული და აფორიაქებული.
-ვერ გცნობ. დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ უთხრა იოსებმა. -ფერმკრთალიც მეჩვენები. რა მოხდა?.
-ისეთი არაფერი. - მიუგო ლეამ და თვალი აარიდა, თუმცა, იცოდა, ვერ გაექცეოდა იოსების გამჭოლ, ჯიუტ, მაგრამ მშვიდ მზერას.  - სასჯელი დამაკისრეს.. 50 მეტანიაო...  - ამის თქმა იყო და ლეა უცებ გამხიარულდა .. სიცილი აუვარდა და დაიწყო დოჟთან გადამხდარი ამბის მოყოლა. ისე იცინოდა, იოსებს ნახევარი არ ესმოდა. ცოტა ბრაზობდა კიდეც, რა ამხიარულებს, მე ვდარდობ, -ის კი ყველა სიტყვაზე იგუდება სიცილითო, მაგრამ საბოლოოდ, ლეას კისკისი მაინც გადამდები აღმოჩნდა.. იოსები უყურებდა მეგობარს და ბედნიერების, უბედურების, სიხარულის და მწუხარების ყველა გრძნობა, ადამიანისთვის ნაცნობი, ერთად ეხარშებოდა..  ეშინოდა, ლეას თავქარიანობის, მოსწონდა მისი სილაღე; არ მოსწონდა მისი სითამამე, მაგრამ უყვარდა მასთან საუბარი; თან,   შიშობდა, ლეა მისი ალღოიანობის და გამორჩეულობის გამო ზედმეტად  არ მოხვედროდა ვინმეს თვალში. ეშინოდა, მისთვის არაფერი დაეშავებინათ, მაგრამ მის გარეშე ვერ წარმოედგინა ვერც დირიჟაბლის აგება და ვერც საოცნებო კასტა-დივას აშენება მთაში. -ვითამაშოთ ერთი პარტია?.. ჰკითხა უცებ სიცილისგან დაღლილმა ლეამ. -როგორც გინდა. მიუგო იოსებმა. სიჩუმე ჩამოვარდა. იოსების და ლეას მიმდევრებს დიდი ხნის დამთავრებული ჰქონდათ საქმე და  ძრავის კონსტრუქცაც დირიჟაბლში მოეთავსებინათ. ნელ-ნელა ისე დაიშალა ყველა, დოჟის და ზნეობრივების ამბით გართულებს ვერც კი შეენიშნათ. ლეამ ხის, მუქი ქვებით გაწყობილი ყუთი ამოიღო ჩანთიდან. მას და იოსებს შორის დადგა მინდორზე. იოსებმა ყუთი გახსნა და იქიდან გრძელი, შუშის ბურთულებისგან აკინძული მძივი ამოაცურა...

თემური შორიახლოს, ხეს ამოფარებულიყო. ხელში პოლიკარპე ბაბუას ნაქონი ბინოკლი ეჭირა და ცდილობდა, კარგად გაერჩია, რას აკეთებდნენ იოსები და ლეა. მელოტი კენტავრი და ტაბაკი კარნივორიუსის მისაღებში ისხდნენ. კოცონის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო.   

No comments:

Post a Comment