Tuesday, October 22, 2013

კთავი მერვე : კოცონი


I’ve been waitin’so long
To be where I’m going
In the sunshine of your Love..
 ©Cream



კოცონის დანთებამდე რამდენიმე საათი რჩებოდა. საკანში თბილოდა, ლეას საწოლს სუსტი შუქი ეცემოდა. ლეა აღარ ფიქრობდა ბავშვებზე, აღარ ფიქრობდა სამშობლოზე, მეტიც ნაწყენი იყო მასზე, თუმცა, ცდილობდა, წყენა თან არ წაეღო და გათავისუფლებულიყო სხვა ნაპირზე გადასვლამდე. ლეა ტკივილისთვის ემზადებოდა, მაგრამ კონცენტრაციაში, ხათუნას მოსვლის შემდეგ აშლილი მოგონებები უშლიდა ხელს.
ლეამ თვალები დახუჭა, - წარმოიდგინა, როგორ სწვავდნენ და ეღიმებოდა.. იმის ნაცვლად, რომ ერთხელ მაინც შეშინებოდა, ღიმილი ადგა ბაგეზე..
უცბათ, სხივი შემოიჭრა უფანჯრო საკანში, თბილი სხივი, რომელმაც  მძივით თამაში გაახსენა, გონებაში მუსიკა აუჟღერა და  თვალწინ  მთიდან ჩამოშლილი ქვა-ღორღი და  ველურ ცხენთა რემა დაუყენა, რომელიმე თვის ათში რომ უპირებდნენ გაჭენებას ის და იოსები.  მეგობრის თბილი ხმა ჩაეღვარა თითქოს, მთელ სხეულში:
- ძალიან ტრაგიკულად მოკვდა!!! მაგრამ ადამიანურად, ყველაზე კარგად იცხოვრა!!! - იოსებს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მხატვარი, რომელზეც ლეას უყვებოდა, იმ წუთას გარდაცვლილიყო.
- როგორ მოკვდა? არ ვიცი. ეს მხატვრები რატომ კვდებიან ტრაგიკულად სულ? მეც ასე მოვკვდები?..
- იმიტომ, რომ შიათ!.. მოუჭრა იოსებმა.
-ვისაც არ შია? ის არ მოკვდება ტრაგიკულად? - გაუღიმა ლეამ.
- ხანდახან, საუბრისას გრძნობდა მის განუზომელ უპირატესობას. რამდენადაც უშუალო და სადა იყო იოსები, იმდენად იზრდებოდა-ხოლმე ლეას სიყვარული და ერთგვარი მოწიწება მის მიმართ. ზოგჯერ, თავს იმაზე ბევრად უმცროსად გრძნობდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.. იოსების საუბარს ყურადღებით და  გაფაციცებით უსმენდა, თითქოს ეშინოდა, ერთი დეტალიც არ გამომეპაროსო.. მის ჩვევას საუბრისას კი, ნამდვილად აღფრთოვანებაში მოჰყავდა, - იოსების ყოველი სიტყვა ლეას განცდილს ზუსტად ეხმიანებოდა.. ჩვილი ბავშვივით უხაროდა, იოსების მოწონებას ან საქებარ სიტყვას თუ მოისმენდა, ოღონდ შიშობდა, საკუთარი სიჯიუტით, ან, ზედმეტი გაბედულობით მისი იმედები და წარმოდგენები არ გაეცრუებინა..
-რითი გინდა სიკვდილი? ალცჰეიმერით? გაუვალობით?.. იოსებმაც გაიღიმა და მეშვიდე-მერვე კლასელს რომ შეშვენის, ზუსტად ისე აუჩეჩა უსწორმასწოროდ აჭრილი თმა ლეას.
-არა, შიმშილი სჯობს, აშკარად.. 28 წლის ყოფილა?..
-ჰო. დიახ, შიმშილით ჯობს.. ეს, უპირატესობაა, ხვდები?.. შიმშილით, წვალებით.. სიმართლისთვის დევნილობით..
-აი, დევნილობით არ მოვკვდები, არა, მაგისტერ?..
-არ ვიცი. არ გავხარ დიდმოწამეს.. -აი, შეადარე ხორციელი ნეტარება, ამ ნეტარებაში სიკვდილი, თუ შიმშილით  ან სიმართლისთვის სიკვდილი.. რომელი ჯობს?..
ლეა  დაფიქრდა, პრუსიელი მხატვრის ნახატს უყურა დიდხანს, მერე, იოსებს შეხედა და ისევ გაათბო სხივმა, კეთილშობილი გენერლის მზერას სულ რომ დაჰყვებოდა.
-მთავარია, სიკვდილამდე გაფრინდე. მთავარი გაფრენა შეასრულო.. მერე - სულ ერთია.. მერე შეგიძლია, მოკვდე.
-შენ არ მოკვდები, ლეა. უფრო სწორად, მოკვდები ბედნიერი, სიბერით. კიდევ ბევრს დახატავ, შენი ფერწერა სულ ერთი მიმართულებით მიდის. მე ამას ვგრძნობ. მე კი ისევ გასწავლი. გასწავლი სიკვდილამდე და არასდროს არ მიგატოვებ. გახსოვდეს ეს, ლეა..ჯერ მე უნდა დამმარხო და ისე მოკვდე, შვილთაშვილებით, კალთაში. ხომ დამიტირებ, გოგო, გაშლილი თმით? შენს ჯიშს რომ შეეფერება, ისე? -ლეა მიხვდა, რომ იოსები, მიუხედავად იმისა, რომ ხუმრობდა, სადღაც, გულის სიღრმეში მართლა ოცნებობდა იმაზე, რომ ლეა ფათერაკს აცილებოდა. ხვდებოდა, რომ კეთილშობილი გენერლის მთავარ სადარდებელს მისი მომავალი და მოსალოდნელი ხიფათი წარმოადგენდა, მაგრამ მაინც არ იშლიდა თავისას, არ იშლიდა, რადგან იცოდა,იოსებს ყველაზე მეტად მისი დახმარება და თანადგომა სჭირდებოდა. მიზანი, რომლისკენაც ერთად მიდიოდნენ, დიდი ხნის მომწიფებული  და უკვე ნაშობი იყო, გადაჯიშების პირას მყოფი მოდგმის ამ ორი, თითქმის უკანასკნელი წარმომადგენელისთვის.
გამთენიისას სოდომგორთა ბადრაგი შემოვიდა საკანში. ლეას ორლეანელი ქალწულის და ედინბურგელი გმირის ორი იერი გაეერთიანებინა მზერაში. ბადრაგს თვალებში არც შეუხედავს მისთვის, -  სოდომგორმა არ იცოდა მზერის ძალა, რადგანაც ეს ჯიში, არასდროს იხედებოდა თვალებში. თავჩაღუნულმა და პატიმრის გამეხებული, მაგრამ უცნაურად მშვიდი სახით დამფრთხალმა, ჩქარ-ჩქარა გამოიყვანა ალქაჯად შერაცხული საკნიდან. ქუჩაში ზღვა ხალხი ირეოდა; კოლონებად მოედინებოდა ჩმორქალაქეების ნაკადები, სხვადასხვა მხრიდან. სოდომგორების ქვედანაყოფები რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსით კეტავდნენ წმინდა გეორგიუსის ქანდაკებამდე მისასვლელ გზას. ცეცხლი გეორგიუსის შუბის სიმაღლემდე გიზგიზებდა. მელოტი კენტავრი კოცონის გარშემო დაჭენაობდა და შიგა და შიგ, მორებს ამატებდა ცეცხლს. საპატიო ტრიბუნასთან, ლოჟაში ისხდნენ ლევიატანო, კარნივორიუსი და მთელი სამეფო კარი, უკლებლივ ყველა ნაზირ-ვეზირით. მეოთხე რანგის ლოჟაში დოჟი, დალილა, ტაბაკი და თემური მოსჩანდნენ. კარნივორიუსის მოადგილემ - ყუთლუ ქურთუბიამ ბრალდება გაიმეორა,- ქვეყნის, მეფის ერისა და ბერის მოღალატე, ყველა სამაგალითოდ, აი, ასე დაიწვებაო, აუწყა ქვეშემრდომებსა და დამსწრეთ.
ლეა უკვე ეშაფოტზე იდგა, მის გვერდით მდგომმა, თეთრში შემოსილმა ახალგაზრდა არაბმა რომ უჩურჩულა, - სხივს გამოყევი, შენი სიყვარულის სხივს, გახსოვს, - რომ უნდა შემოაძარცვო ირგვლივ ყველაფერი?, აი, იმ სხივს გამოყევი ზუსტადო.. არ შეგეშინდეს, იქ მე დაგელოდებიო.
ლეას სხეულს ცეცხლი სწორედ სხივის სიჩქარით მოედო, ოდნავ მწველი, მაგრამ სასიამოვნო სითბო ჩაიღვარა მასში, ირგვლივ, იასამნის უჩვეულოდ მძაფრი სუნი დადგა და კოცონიდან ფერფლისფერის ნაცვლად მოლურჯო-მომწვანო მტვერი იყრებოდა, ახლა უკვე შადრევანის სხივებად.
არაბმა თბილად გაუღიმა ლეას, მისმა თანმხლებმა თეთრებმა კი მეორე ნაპირზე გადაიყვანეს. -აი, შენი ახალი სამოსი, თვალის ფერის მიხედვით შეგირჩია შემოქმედმა. კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ლეონორა, -უთხრა ყველაზე პატარამ და ხელში ხაკისფერი, გახამებული, თავიდან ბოლომდე შუშის მძივისებრი ღილებით შესაკრავი კაბა მიაჩეჩა.
იოსებს კი ამ დროს ეძინა და სიზმრად, ისევ პონტოს ზღვიდან ამოსული, ზღაპრული რაშების რემას ხედავდა.


***
იოსებთან ბოლო სტუმრობის შემდეგ, მეორე დღესვე მივედი. არ მასვენებდა რაღაც, რაც მინდოდა, მას აეხსნა და მოეყოლა ჩემთვის. მოხუცი ჯიუტად დუმდა. პონტოელი რაშების რემის ამბავი ისევ კიბერ ბიბლიოთეკაში მოვიძიე. ცნობები იმდენად მწირი იყო, თითქმის, ვერაფერი შევიტყვე. თავში რამდენიმე ფრაზა მიტრიალებდა და მეშინოდა, მოხუცისთვის მათი გამხელა, არ მინდოდა, ისევ ტკივილი მიმეყენებინა მისთვის.
მე და იოსები თურმე, ჩემი ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს.. სანამ სუროგატი მაზერბორდის მფარველობის ქვეშ ვიყავი, საერთოდ არ მახსოვდა ეს უცნაური მოხუცი.. წლების მანძილზე მხოლოდ მისი შეშინებული სახე მახსოვდა,რომელიც ერთხელ ვნახე, ტყვიაგაუმტარი შუშის საკანში მტირალი რომ შემიყვანეს უხეშმა არსებებმა. შეგრძნება მახსოვდა, რომელსაც გადაშენებული მოდგმა, ადრე, შიშს ეძახდა.  კიდევ იყო რაღაც.. უმწეობას რომ ეძახდნენ.. აი, ის რაღაც, ის უმწეობა დავინახე კეთილშობილი გენერლის თვალებში. ეს სურათი დიდხანს არ ამომდიოდა მეხსიერებიდან, ზოგჯერ მესიზმრებოდა კიდეც ჭაღარაშერეული, მაღალი, კაცის შეშლილი თვალები. უმწეობისგან შეშლილი, ჰო, ზუსტად ასე ჰქვია, -უმწეობისგან შეშლილი. ტყვიაგაუმტარ საკანში 7 სოდომგორის თანხლებით ჰყავდათ იოსები.  ერთი შეხედვით, გეგონებოდა მთას გადადგამს, ისეთი ღონე აქვსო, ასეც იდგა, გაკოჭილი, მაგრამ კლდესავით, უდრეკი. ჩემს დანახვაზე კი, მახსოვს, თვალები როგორ აემღვრა, სახეც შეეშალა; თავი ჩაღუნა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს ამოთქვა: -თოკი შემიხსენით.. ხელი გამითავისუფლეთ.. კალამი მომაწოდეთო.
მას მერე, ძალიან დიდი დრო გავიდა. ჩემს მეხსიერებაში ამ სურათის გარდა, კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი შემორჩენილიყო. წარსულიდან. ერთი მათგანი, - ქალი იყო, ალბათ, ოცდაათს გადაცილებული, ადამიანის ჯიშის. დიდი მწვანე თვალებით და უჩვეულო ხმით, თითქოს რინიტს უჩიოდა სულო, ისე ლაპარაკობდა.. მისი ხმა მახსოვდა დიდხანს და მისი სუნი, იასამნის მსგავსი სუნი. თანდათნ ვხვდებოდი, რომ ჩემი კავშირი ამ მოდგმასთან უფრო მჭიდრო და ახლო იყო, ვიდრე მეგონა. ყოველთვის ვგრძნობდი, იმ არსებების მხრიდან უცხო მზერას, ჩემს ქალაქში რომ ცხოვრობდნენ ახლა.. ვარდენ ლევიატანოს ძის მეფობის ჟამს, თითქმის სულ განადგურდა ყველა სახელწოდება, და ცნება, რომელიც მანამდე, პრე-ლევიატანურ ხანაში არსებობდა ამ მიწაზე..
მძიმე და დაუნდებელი დრო იდგა მაშინაც, თუმცა, გადარჩენილი არსებები დიდი ხნის შეგუებულნი იყვნენ ამ ყოფას.
ძველად თურმე, ურჩხული მეფე ლევიატანო სანამ ავიდოდა ტახტზე, ადამიანები ყველგან ყოფილან, ისინი მართავდნენ ქვეყანასაც და რაღაცნაირად, პატარ-პატარა გაერთიანებების სახითაც ყოფილან დაჯგუფებულები. სახლებში, ბინებსა და ავეჯით გაწყობილ შენობებში უცხოვრიათ, ისე, როგორც იოსები ცხოვრობდა ახლა. სადღაც-სადღაც, ისევ იყვნენ შემორჩენილი, მაგრამ, ძირითადად, სარდაფებსა და გარიყულ, თვალსმოფარებულ ადგილებში.
მხოლოდ იოსები არ იშლიდა სინას მთის ძირში, ძველებურ, ადამიანის ნაშენებ „კორპუსის ტიპის“ სახლში ცხოვრებას  მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად, დევნილობაში იმყფებოდა..
თუმცა, სამეფო კარს აღარ ანაღვლებდა, სად იცხოვრებდა იოსები, მის საქმეს დიდი ხნის მოგვარებულად და მივიწყებულად მიიჩნევდნენ. ამიტომ, 30 წლიანი პატიმრობიდან თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, აღარავინ გამოჰკიდებია, სად დაიდებდა ბინას, ისედაც, დიდი უმრავლესობით იყვნენ ჯორთა და ვირთა შთამომავლები წარმოდგენილნი.
 კიბეზე ავირბინე, კარი ძველი, ჟანგმოდებული გასაღებით გავაღე და ოთახში შევედი. ვერაფრით ვაიძულე მოხუცი გენერალი საკეტი გამოეცვალა და სენსორულ კარ-ფანჯარაზე გადასულიყო. პირიქით, დაჟინებით ცდილობდა, ამ ეპოქის სიახლე მინიმალურად დატყობოდა მის სამყოფელს.  იოსები ფეხზე იდგა და სველი ჩვრით დიდი ხნის დამტვერილ მოლბერტს წმენდდა.
-მომიყვები, მის შესახებ?.. ფრთხილად ვკითხე მას და ვირტუალური ჩანთა დენის წყაროზე მივაერთე. იოსებმა, რა თქმა უნდა, იცოდა, მოლბერტის პატრონი რომ ვიგულისხმე. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მოხუცი გენერლის გარდაცვლილ მეგობარს ეკუთვნოდა. ყველაფრის გაგება მინდოდა და ვგრძნობდი, ყველა დეტალი, რომელიც იოსების სახლში მქონდა შემჩნეული, ჩემს წარსულთნ იყო პირდაპირ გადაჯაჭვული.
-ადრეა. ჯერ სხვა რამე ვისწავლოთ. - ასეთი გამოცოცხლებული და მოხასიათებული არასდროს მენახა მოხუცი.  - სულ თავიდან დავიწყოთ, ტასო. გახსოვს, კვიცებზე მოგიყევი ერთხელ, ზღვიდან რომ ამყავდა?..
-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. აღელვებისგან სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე.
-ჰოდა, მეგულება, კიდევ ორმოცდათერთმეტი. კასტა-დივას გადარჩენილი რაშები.
გუშინ, 34 წელია, რომ  არ მოსულა, ის მეგობარი მესტუმრა. საქმე თავიდან უნდა დავიწყო, შენი დახმარება მჭირდება, პატარა გოგო, მაგრამ.. ჯერ უნდა გაიხსენო. უნდა გაიხსენო ყოველი წუთი, შენი დაბადებიდან, სუროგატთან მისვლამდე. სხივი დავკარგეთ, თორემ.. სხივი გაგახსენებდა..
-იოსები უჩვეულოდ ჩქარ-ჩქარა და საქმიანად ლაპარაკობდა, ხან თავს იქექავდა, ხან, ძველ წიგნებში იქექებოდა..  ბოლოს, კომპიუტერის ძველ ჩანთს მიადგა. შევატყვე, ხელები როგორ აუკანკალდა, არადა, ასაკის და განვლილი ტანჯვა-გვემის მიუხედავად, ჯანმთელი იყო, უცნაურად ჯანმრთელი. გვალვაგადავლილი მიწის ფერი დაედო, ძველი, კოლხური „ატამანკის“ კუთხეზე ჩამოჯდა და დამტვერილი დისკების ამოლაგება დაიწყო. დიდხანს არჩევდა თითქმის ობმოკიდებულ, ერთმანეთზე მიწებებულ დისკებს, ბოლოს, ორი ცალი ამოარჩია და გამომიწოდა.
- აი, ეს წაიღე. -მითხრა და შვებით ამოისუნთქა. 
სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი.. შუბლის ჩიპი ისევ გაღიზიანებული მქონდა, საშინლად მეწვოდა. თავზე ქუდი მქონდა ჩამოფხატული, გზაში სოდომგორებს რომ არ შეენიშნათ, იოსების  მცდელობა, პატარა ჯაყვით ამოეჭრა ის.  დიდხანს წვალობდა მოხუცი, ფრთხილად უკირკიტებდა ზედ შუბლის ძარღვზე მიმაგრებულ ჩიპს, მაგრამ ბოლოს, მაინც გადაიფიქრა, -ისევ ქირურგთნ წასვლა სჯობს, მყავს ერთი ძველი მეგობარი, ეს დისკები წაიღე, წაიკითხე, მასზე რაც არის ჩაწერილი, მერე კი ამას მივხედავთო.

ორი დღე და ღამე ვარჩევდი ლეას და იოსების მიმოწერას. თვალებიდან მარილიანი სითხე მდიოდა, გაუჩერებლად. თავიდან მეგონა, ჩიპის ამბავია ესეც-მეთქი, მერე მივხვდი, კითხვისას ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს ამ ორი ადამიანიდან ერთერთის უჯრედები ცოცხლდებოდა ჩემში. ეს პატარ-პატარა უჯრედები ხტუნვას, ცქმუტვას, სირბილს მჰოყვებოდნენ და მთელს სხეულს იპყრობდნენ, თითქოს.. რაღაცა თბილი და გაუგებარი დასრიალებდა, ზუსტად ისე, როგორც ლაზერის ან მიმქრალი პლანეტის - მზის სხივი. ვკითხულობდი ამ ზოგჯერ სრულიად გაუგებარ დიალოგებს და ვხვდებოდი, ჩემი წარსული ნელ-ნელა, ამ მიმქრალი პლანეტის სხივთან ერთად ძლიერდებოდა და იღვიძებდა სადღაც.. მარილიანი სითხე კი, როგორც ონკანიდან წყლის სუსტი ნაკადი, ისე მოდიოდა, თავისით, სენსორების შეხების გარეშე.. 

No comments:

Post a Comment