Tuesday, October 22, 2013

თავი მესამე თემური და მისი რაზმი © გაიდაი

 „თემს რაც სწადიან, მას იზამს, თავის თემობის წესითა.“.© ვაჟა

ბუონავენტურას თეთრი ღამეები იდგა. საშინლად ციოდა. თემური ედმონდ დანტესის ნაქონ დამბაჩას ხელში ატრიალებდა და მსოფლიოს გადარჩენის ახალ თეორიაზე ფიქრობდა. ოღონდ ამჯერად, პრაქტიკაში სურდა ამ თეორიული ცოდნის განხორციელება. ოდითგანვე მოსდგამდა თემურის გვარს სამყაროს გადარჩენაზე ზრუნვა. თემურმა არ იცოდა, ვინ იყო ედმონდ დანტესი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ის, ჭეშმარიტი  მართლმორწმუნე, სულიერების და ზნეობის მსახური იქნებოდა. სხვაგვარად, მისი დამბაჩა, ღვითის ჯარისკაცი- თემურის, მადლით კურთხეულ ოჯახში ვერ მოხვდებოდა. 
დუმბა-ლენდიდან რომ მოჯირითეები წავიდნენ ვესპუჩიანელების ქვეყანაში, მათგან ერთ-ერთი თემურის წინაპარი იყო. მასაჩუსეცის შტატში დასახლებულა პოლიკარპე ბაბუა, იქაური რწმენა მიუღია და ღირსი მამა პარისიც გამხდარა. მართალია, თემური არ ამხელდა პაპამისის პაპის სხვა კონფესიისადმი კუთვნილებას, მაგრამ იმას დიდის სიამაყით მოუთხრობდა-ხოლმე, მწირ აუდიტორიას (მის გონებრივ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს იმხანად ბევრი ვერ უღებდა ალღოს), როგორი გულმოდგინებით ებრძოდა პაპის პაპა პარის-პოლიკარპე ალქაჯებს, ღვთის მგმობებს და ყოველგვარი უზნეობით შეპყრობილებს, თუმცა პაპის-პაპა იქვე, მასაჩუსეცში ჩამოუხრჩვიათ მოგვიანებით, ადამიანის უფლებების შელახვისთვის, ახალ ამორძალებს, მაგრამ თემური მაინც ამაყობდა მისით. პოლიკარპე ბაბუას ორი შვილი დარჩენია და ორივე ისტორიულ სამშობლოს დაბრუნებია, ღრმა სიბერეში. უფიქრიათ, ბატონ-ყმობა გადავარდა, პროგრესის და ცივილიზაციის ბუკს და ნაღარას სცემს ჩვენი სამშობლოო და გემით ჩამოსულან წითელ ცვილისში.
თემურის დიდი ბაბუა მის ვაჟთან ერთად, პროგრესულ მილიციურ ძალებს შეერთებოდა და შიშის ზარს სცემდა თურმე, ყველას, ვინც ახალი ჩმორქალაქეების ახალ ცხოვრებას წინ გადაეღობებოდა. მტერს დაუნდობლად ხოცავდნენ და საზოგადოებას მავნე ელემენტებისგან გულმოდგინედ წმენდნენ თემურის წინაპრები...  სხვა რა დარჩენოდათ? - ერთი-ორი სალოცავის დანგრევაც კი მოუწიათ, კაცობრიობის ხსნის ეგიდით, მაგრამ საქმე მოითხოვდა, დრო იყო ასეთი. ამასობაში წითელი ხანა ჭაობისფერმა შეცვალა.  თემური, უკვე წამოზრდილი, გონს მოსული,  ნამდვილი, ჭეშმარიტი მამულიშვილი დამდგარიყო. მართლმორწმუნე და ზნეობრივი, სიმართლის და კაცთმოყვარეობის სადარაჯოზე დამდგარი პაპის პაპა პოლიკარპესავით ხმალამოღებული ებრძოდა ურჯულოებას და უზნეობას. ჭაობისფერი ხანის დასასრულს, პოსტრევოლუციურ ეპოქაში თემური ერთ ზნეობრივ მოძრაობაში გაერთიანდა, სადაც შემთხვევით,  ალქაჯი ლეას ამოცნობის მადლი არგუნა შემოქმედმა და გამჩენმა. თემური მადლიერი იყო ღმერთის, რადგან მისგან ბოძებული ნიჭის წყალობით, მესამე თვალი ახელოდა მას.
ბუონავენტურას თეთრ ღამეებს უცნაური თვისება ჰქონდა, მთვარის შუქზე უფრო აშკარა და ნათელი იყო ყოველი, ვიდრე დღის სინათლეზე. თემური იოსებს ეძებდა და სწორედ მესამე თვალის წყალობით მიაგნო სარდაფში იმ საღამოსაც მას. დამბაჩა პოლიკარპე ბაბუას ფერფლი რომ ჩამოასვენეს, იმ ყუთში შეინახა და იოსების საძებნელად გაემართა. 
-იოსებ! დაიძახა თემურმა და სარდაფის კარი ფრთხილად შეაღო. იოსებ! ნახე, რა მოგიტანე? - ნახევრად მძინარე იოსებმა თავი წამოწია, - მის წინ, გაბადრული, ბედნიერი თემური იდგა, რომელსაც ოდნავ კვადრატული ფორმის თავზე მთვარის შუქი და კიბის მოაჯირის ანარეკლი ისე ეცემოდა, გეგონებოდათ, ოთხი რქა ამოსვლოდა, უბედურს კეფაზეო.
- თემურ?  აქ რა გინდა? - ჰკითხა დაბნეულმა.
 - იოსებ, ნახე, რა მოგიტანე? -ჩაიცვი და წამომყევი! შენი ოცნება ავახდინეთ! ჰო, ჩვენ აგიხდინეთ ოცნება. აი... რა ჰქვია იმას, შენ რომ  აშენება გინდოდა? აი, ქალაქი რომ გინდოდა აგეშენებინა? თუ ტყე?.. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს. წამოდი, ჩვენ აგიშენეთ ქალაქი!
ეს რა არის?- ჰკითხა იოსებმა და ლურჯი ფერის, ოქროს თასმებით გაწყობილ, მოქარგულ ქურთუკს დახედა. ეს დიდმა დოჟმა გამოგიგზავნა, სპეციალურად შენთვის ჩამოატანინა... იამამოტოა, იოსებ! -იოსები ისეთი დაბნეული იყო, ქურთუკი უხმოდ გამოართვა, ჩაიცვა და სიტყვაც არ უთქვამს, ისე გაჰყვა სიხარულისგან ფრენა-ფრენით მიმავალ თემურს უკან.
ერთ დიდ, მარმარილოთი მოპირკეთებულ, მაგრამ პირქუშ  შენობაში შევიდნენ. ნახევრადბნელ დარბაზში უცნაური ჰანგები ისმოდა.. იოსებმა ძლივს გაარჩია დედალი ვირის სილუეტი, რომელსაც ხელთ ელექტროვიოლინო ეპყრა და მთელი გრძნობით უკრავდა ცნობილი სპარსი კომპოზიტორის, ნოქტიურნს - „წამოდი“... იქვე, გაბურძგნული, წელში მოხრილი შუა ხნის კუზიანი ფაშატი იდგა, რომელიც მუსიკალური აკომპანიმენტის ქვეშ საკუთარ ლექსებს კითხულობდა... სცენის მიღმა, კულისებიდან ზნეობრივი მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე ტაბაკი მოსჩანდა. ტაბაკი ადამიანის მოდგმიდან იყო, მაგრმ მისი შორეული წინაპარი აფთარი ყოფილა და მასაც შერჩენოდა წინაპრის ნიშან-თვისებები.. სხეულთან შედარებით მოზრდილი, ბრტყელი და წახნაგოვანი თავი, ყოველთვის ერთი მიმართულებით ჰქონდა გადახრილი. ვიწრო და ახლო-ახლო ჩასმული თვალებითა და დაღრეცილი კბილებით, სწორედ იმ ტაბაკის მოგაგონებდათ, შორეულ წარსულში აკელამ რომ გააფრთხობინა ტორის ერთი დარტყმით სული.
დარბაზს რამდენიმე ფანჯარა ჰქონდა, საიდანაც უხვად იღვრებოდა თეთრი მთვარის შუქი.. ფანჯრის ქვეშ დიდი დოჟი იდგა.. ზნეობისა და კეთილშობილებისგან ისე იყო გაცისკროვნებული და გაბღენძილი, კარგად შემოჭერილი ქამარიც კი ვერ უკავებდა პომპეზურ სტომაქს. ღია ფერის, ღრმად ჩასმული, წვრილი თვალები და ზედმეტად ვარდისფერი ხორცი ჰქონდა დოჟს.
- ბაბუაჩემი ესაია, - მიუბრუნდა მის გვერდით მდგარ შუა ხნის მანდილოსან ღორს დოჟი, - წინასწარმეტყველი ესაია, ასეთ კულტურულ ცენტრებს აფინანსებდა ისრაელში. ჰო, რატომ გიკვირთ?
- თქვენ გგონიათ, მაშინ არ იყვნენ მეცენატები?... არა, რა თქმა უნდა, ფორმა ჰქონდა ამ ყოველივეს სხვა, თორემ.. პრინციპი- იგივე იყო! დიახ, სწორედ მას ვგავარ მე... მეც მინდა, აზროვნების და ზნეობის თავისუფალი სივრცის შექმნა.. თუმცა მე, როგორც შემოქმედს... თქვენ, იცნობთ ჩემს შემოქმედებას? - მანდილოსანი ღორი სულგანაბული უსმენდა, უარის ნიშნად მხოლოდ თავი გააქნია- აი, ხომ ხედავთ? წამობრძანდით, გიჩვენებთ.. -ხელმკლავი გაუყარა დოჟმა.. მოულოდნელად, ახალმისული იოსები და თემური შენიშნა
-აა, იოსებ, მოხვედი ძვირფასო?..- მიუბრუნდა მას -  აი, იხილე შენი ახდენილი ოცნება! ახლა უკვე შეგიძლია იმუშაო! ხელს აღარავინ შეგიშლის. ჩემი ლოცვის მეოხებით და შემწეობით გაგათავისუფლე დემონისგან... ახლა შეგიძლია მშვიდად იყო და  ისევ დაუბრუნდე შენს წიაღს... კეთილი, მე წავედი, ქალბატონს ჩემს შემოქმედებას გავაცნობ... ღვთითკურთხეული სიყვარულით..  შემდეგ ამოდი და ერთად ვილოცოთ, კარგი? - იოსებს  სიტყვაც არ უთქვამს. დოჟი პასუხს არც დალოდებია, ისე გაეცალა იქაურობას, ახლადშეძენილ ღვთითკურთხეულ დასთან ერთად. იოსები თითქოს ხვდებოდა, რომ უნდა გასცლოდა ამ ადგილს, მაგრამ საშინელ სისუსტეს გრძნობდა. ვერაფრით გარკვეულიყო, სად იყო, რატომ უკრავდა მევიოლინე დედალი ვირი და რატომ კითხულობდა მეორე, მისთვის გაუგებარ და უცნაურ ლექსებს, ამ ყოველივეს კი, მხოლოდ და მხოლოდ მისი პატივისცებით აწყობდნენ თემური, ტაბაკი და დიდი დოჟი. სული ეხუთებოდა, მაგრამ  წასვლის თავი არ ჰქონდა. ირგვლივ უცხო და ჭუჭყიანი არსებები ირეოდნენ, სახეზე თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავდა, ან, იერი ჰქონდათ ერთნაირი. უცბათ, ხალხს ერთი, თეთრ სამოსში ჩაცმული, უსახო, მაგრამ ძალიან ლამაზი ფრთოსანი გამოეყო, იოსებს მიუახლოვდა და უთხრა: - „მთაში წადი, არაბმა გთხოვა, მთაში წავიდესო. აი, მომდევნო თვის ათში..“


***
სამშაბათს იოსებთან უნდა მივსულიყავი. ჩვეულებისამებრ გავიარე სამეფო არქივში და მოვითხოვე  ცხრაასიანი წლების პრესა. შუშის ჯიხურში ისევ ის დაღლილი სახედარი იჯდა, წინა სამშაბათს რომ მიღრენდა და მეუბნებოდა, - თქვენს მეტი არავინ მოდის მაკულატურის წასაღებად, საეჭვოდ მიგაქვთ, დიდი რაოდენობით და შემდეგ მოსვლაზე, სოდომგორის გამოყოლება მომიწევსო. შიშით ველოდი განაჩენს, თუმცა, იმ დღეს კარგ ხასიათზე აღმოჩნდა და ჩემი გაზეთები კონფლიქტის ესკალაციის გარეშე გამომატანა. არაჟანი და ძეხვი მაქსიმარკეტში უნდა მეყიდა, თუმცა, შუბლის ჩიპზე თანხა ამომწურვოდა და მარკეტის გამყიდვლებთან პლასტიკური ბარათით გადახდაზე მომიხდებოდა კვლავაც მათხოვრობა. ვიცოდი, ჩემი მხრცოვანი მასწავლებელი თავად არ გავიდოდა საკვების საყიდლად და ამიტომ, უხალისოდ, მაგრამ მაინც შევედი; - გამოსავალი არ მქონდა -  სინდის ფაილი არ მაძლევდა სხვა ბრძანებას.  იოსების სახლისკენ მიმავალ გზაზე, რატომღაც პირველად დამაინტერესა, რა ეწერა იმ გაზეთებში, რომლებიც, ოთხ წელიწადზე მეტია, მასთან მიმქონდა. პროგრესის და შუქურის ქუჩების კუთხეში, აღმშენებლობის სკვერში ჩამოვჯექი და კითხვას შევუდექი. „წელს, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ფოქს უაითი ვესპუჩიანელთა ქვეყნის პრეზიდენტს ესტუმრება საქმიანი ვიზიტით. სამთავრობო  დელეგაციის შემადგენლობაში მედუზა გორგონა, ოდისევს კალამბურიშვილი, პერსევს იასონია და   მედეა გაუხარია არიან..“ - იმდენად უინტერესო აღმოჩნდა წინა საუკუნის პრესა, - არ მინანია, აქამდე რომ არც დამიკრავს თვალი. საათს დავხედე და მივხვდი, მოხუცი იღელვებდა, -სწრაფი ნაბიჯით ავუყევი მისი სახლისკენ მიმავალ აღმართს.
- დაგაგვიანდა. - მისაყვედურა იოსებმა. -პასუხი არ გამიცია, ისე დავიწყე საკვების და გაზეთების ჩანთიდან ამოლაგება.
- ბოლოს და ბოლოს, ჯორია თუ სახედარი? - რომელია უფრო ახლო ადამიანთან?..წინა სტუმრობისას შეწყვეტილი საუბრის განახლება ვცადე.
 - ჯორი. ხომ გითხარი უკვე?.
-კი მაგრამ, ერთი ჯიშისანი არიან? ერთმანეთს გვანან, პრინციპში..
- გვანან, მაგრამ ჯორი უნაყოფოა. არ მრავლდება.
- სუროგაცია?
- ჯორებში კანონითაა აკრძალული.
-ეგეც გადაშენების გზას ადგას?
- დაახლოებით. -ისევ მოკლედ მომიჭრა მან.
- მე რამდენადაც ვიცი, ცხენი გადაშენდა.
-ჰო, ამიტომ ჯორიც გადაშენდება.
-შენს რემას რა დაემართა? - ვკითხე იოსებს და მივხვდი, -ეს იყო ბოლო დროს, ჩემს მიერ დასმული ყველაზე მძიმე და არასასურველი კითხვა.  იოსები ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა. ხელში ისევ გაწყვეტილი მძივი ეჭირა და თვალს არ აცილებდა შუშის ფერადი ბურთების ათინათს, მზე ისევ ცოტა ხნით სტუმრობდა ცვილისს, ამიტომ იოსები ცდილობდა, ამ სტუმრობის არც ერთი წუთი არ გამოეტოვებინა.  მოხუცი დუმდა და ამ დუმილმა დიდ ხანს გასტანა. -მანამ, სანამ მზის უკანასკნელმა სხივმა არ დატოვა ოთახი. 
***
კასტა-დივას აშენების ამბავი, სწორედ გარეული ცხენების რემით დაიწყო. ამიტომ უმძიმდა მოხუცს ამაზე საუბარი. მას შემდეგ, რაც  მისი ახლო მეგობარი  და თანამებრძოლი ჯერ ზნეობრივებმა დააბეზღეს სამეფო კართან, აქაოდა, ალქაჯი და გრძნეულიაო, შემდეგ კი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის, ლევიატანოს სოდომგორებმა კოცონზე დაწვეს, ურჩხულს დაპირისპირებულმა ჩმორქალაქეებმა კი ეს, სათავისოდ გამოიყენეს და ამით, წინასარევოლუციო  ქულები დაიწერეს, - იოსები მთაში წავიდა. პონტოს ზღვიდან რამდენიმე, ახლადდაბადებული კვიცი ამოიყვანა და ზღვის გადაღმა, გაუვალ ტყეში, მთაგორიან ადგილას ბანაკი დასცა. რთული საქმე იყო ზღვის რაშების მოშენება და გამოზრდა. იოსებს ყოველ მეშვიდე დღეს, ისევ ზღვასთან უწევდა ჩასვლა კვიცებისთვის დედის რძე რომ მოეპოვებინა. 3 წელი იწვალა, მაგრამ შედეგად - 600 რაშიანი რემა მიიღო.
ზღვისპირა ქალაქში ნაცნობებიც გაუჩნდა და რადგანაც მისი მთავარი მიზანი კასტა-დივას დაარსება, ლაშქრის შეკრება და ლევიატანოს დამარცხება იყო, ამ ნაცნობებში სწორედ თანამოაზრეებს და მოწაფეებს ეძებდა. ლეას გარეშე არც აქ ჩაუვლია ამბავს. პირველი და ყველაზე საყვარელი მოწაფის შერჩევისას, ლეა ესტუმრა იოსებს ტყეში. ზუსტად ისეთივე იყო, -ლიძავაში დასვენებულის იერით, როგორც მაშინ, კოცონიდან მესამე დღეს.
დიდხანს უხსნიდა ლეა, რატომ არ უნდა ნდობოდა იოსები თენგიზს, მაგრამ ვერაფრით დაარწმუნა. - ახალგაზრდაა, გულწრფელი, ნიჭიერი... - უმტკიცებდა იოსები და თან ბრაზობდა, ისევ არ მიჯერებო.
-გოიმია, იოსებ, გოიმი! რატომ არ გესმის?   
- რას ქვია, გოიმია?! აღარ მოეშვი ამ სნობურ გამოხტომებს? რას ნიშნავს, გოიმი? მერე, რა, რომ გოიმია?.. სამაგიეროდ, - ერთგულია!
- და რა იცი, რომ ერთგულია? გამოსცადე?
-ისეთი თვალებით იყურება, - ერთგულია! თან სიმღერებს წერს..
-მერე, მოგწონს შენ, ეგ სიმღერები?
-იოსები ამ კითხვას არ ელოდა. თენგიზი მართლაც ისეთ საშინელ სიმღერებს წერდა, მხოლოდ დუქანში თუ დაუკრავდა ბახუსთან ჩახუტებული, წითელ-ყვითელ ზიზილ-პიპილოებში გამოწყობილი, საკუთარ სხეულზე ამირანივით ოქროს ჯაჭვებით მიჯაჭვული დარდი-მანდი ნაყარაჩოხლარი..
- არა. არ მომწონს, უპასუხა იოსებმა. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, -იხტიბარი არ გაიტეხა მან. - მე თუ არ მომწონს, ესე იგი, არ ვარგა?
- რა ვიცი,  - უპასუხა ლეამ.. ალბათ ვარგა... ლეა მიხვდა, რომ მეგობარს ვერაფერს გადაათქმევინებდა. - ჩემი წასვლის დრო მოვიდა. ორი მოსვლა დამრჩა, გახსოვს?..
-მახსოვს, მოუჭრა იოსებმა და თავლაში შევიდა.
მზე უკვე ჩადიოდა, ჰორიზონტზე თენგიზის ჩრდილი რომ გამოჩნდა.
 - წავედი, უთხრა ლეამ. ნახევარი დღით ჩამოვედი და თენგიზთან ნუ დამსვამ, თუ ღმერთი გწამს!.
-კარგად. დაემშვიდობა იოსები და წიწიბურას მარცვლით დატვირთულ თენგიზს შეეგება.
- ხვალვე დავთესოთ, რას იტყვი, მოძღვარო?... ჰკითხა თენგიზმა და ზურგიდან 5 ტომარა წიწიბურას მარცვალი ჩამოიხსნა.
- დავთესოთ. მიუგო იოსებმა.  - წიწიბურა ყველას ჯობს..

იმ ღამით თვალი არ მოუხუჭავს იოსებს, - სამყაროს ყველაზე კეთილშობილ და წარუმატებელ გენერალს. ერთი სული ჰქონდა, თესვას როდის დაიწყებდა, მოსავალს აიღებდა და სპას შეკრებას როდის შეუდგებოდა. გენერალის სამშობლო განსაცდელში იყო და მხსნელს ელოდა, თუმცა სამშობლომ ჯერ არ იცოდა, რომ ეს მხსნელი ძია ნატვრისთვალი კი არა, გენერალი იოსები უნდა ყოფილიყო. 

No comments:

Post a Comment