Tuesday, July 9, 2013

თავი მეორე: ლეა




შორი გზა გაიარა იოსებმა, სანამ კასტა-დივას ააშენებდა. იმ ღამეს ძველი სარდაფის ნანგრევებში იჯდა, გამომშრალ, დამსკდარ თითებს დაჰყურებდა და სცხვენოდა. ბოღმა ახრჩობდა და ტირილი კი არ უნდოდა. მეგობარზე ფიქრობდა, რომლის დასაკრძალი რიტუალიც იმაზე პომპეზური და გულისამრევი აღმოჩნდა, ვიდრე მას ან მის მეგობარს წარმოედგინა. იქვე ხის მომცრო პალიტრა იდგა და ჯერაც ნამიანი, საღებავში ამოთხვრილი ფუნჯები, მასტეხინი და ფუნჯის საწმენდი ტილო ეგდო. სარდაფი სავსე იყო პენოპლასტის ნაგლეჯებით, რომელთაც უცნაური ფორმა ჰქონდათ, თითქოს ვიღაცა ცდილობდა, გაუგებარი, მოგრძო, აქა-იქ წახნაგოვანი ფორმის კონსტრუქციის აწყობას. 
დარდისგან დაღლილ იოსებს ეძინა.
-ვერ გაფრინდები, ვერა. - ჯერ ერთი, ფრენა არ არის, მეორეც, ჩვიდმეტი წელია, თვითმფრინავში არ მჯდარხარ. შეგეშინდება მაინც.
- ასე გგონია? - იოსებს ოდნავ ნირწამხდარი იერი დაედო. ვერ წარმოედგინა, ხათუნას თუ მშიშარა ეგონა.
- მე შენი ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ სხვა დრო მოვიდა, სხვა რეალობა, სხვა ფხა სჭირდება მარჩენალს. შენ კი ამის გაგება არ გინდა. არასდროს გინდოდა. გახსოვს, რამდენ ხანს მჯეროდა?.. ახლა აღარ მჯერა. არ მჯერა, იმიტომ, რომ..
- კარგი. სიტყვა გააწყვეტინა იოსებმა. არ გავფრინდები. გჯერა?.
- არც ეგ მჯერა, უპასუხა ხათუნამ და მშვიდად, მაგრამ მწარედ გაუღიმა.
სულ მალე დააპატიმრეს ლეა, იოსები უგონოდ იყო, სახლში რომ მოიყვანეს. გონზე მოსვლის შემდეგაც, ოთახში ჩაიკეტა,  15 დღე არავისთან უსაუბრია, სანამ  ხათუნა არ შევიდა მასთან. დიდხანს იჯდა  კოლხი ბებიის ნაქონ „ატამანკაზე“  მდუმარედ. სახეზე ისეთი მწუხარება დასდებოდა, იოსებს შიშით გააცია. მიხვდა, ხათუნას სიჩუმეს საშინელი ამბავი უნდა მოჰყოლოდა.
- უკვე? ფრთხილად ჰკითხა იოსებმა და თვალები დახუჭა, იმედი ჰქონდა, რომ ამბავი, რომელსაც გაიგებდა, ის არ იქნებოდა, რაც უკანასკნელ თვეებში მოსვენებას არ აძლევდა.
- ჰო. მოკლედ მიუგო ხათუნამ. დიდი კოცონი იყო, წმინდა გეორგიუსის შუბს სწვდებოდა ცეცხლის ალი.
- ჰო, მაგრამ შენ?.. შენ ხომ იცოდი, რომ არ ყოფილა იმ დღეს იქ?. ხომ იცოდი?.. არაფერი თქვი?
-ვთქვი, მაგრამ არ მიიღო ჩვენება ტრიბუნალმა.
-დამაგვიანდა... დამაგვიანდა! - იყვირა იოსებმა და იატაკზე დაემხო. ხათუნამ იცოდა, საუბრის გავრცობას აზრი რომ აღარ ჰქონდა და ჩუმად, ფეხაკრეფით გამოვიდა ოთახიდან.

ლეას მოკლე, ხაკისფერი კაბა ეცვა, რამდენიმე ღილზე შეკრული. ნაწამებს კი არა, ლიძავაში დასვენებულს ჰგავდა, დიოსკურიის მეზობლად, კურორტი რომ იყო, წითელ ხანაში.
- გაფრთხილებდი, რომ ასე მოხდებოდა. რატომ არ დამიჯერე? რატომ?
-ვერ დავუშვი.
-აკი გჯეროდა ჩემი?.. მარტო მე მჯერაო, შენ არ იყავი, თავს რომ იდებდი?.  სასჯელია ეს?
- არა.
-იტირე?
-არა.
-რატომ?
-არ მტკენია არაფერი. რატომ უნდა მეტირა?
იოსებმა ხიდს გახედა. სახეზე  ღიმილი აუთამაშდა და წინა დღით კოცონზე დამწვარ, მაგრამ მასავით მომღიმარ და თითქოს მხიარულ მეგობარს თვალებში ჩაჰხედა. - ასიათას მეერთე ხარ?
-არა, პირველი. გაუღიმა ლეამ. ამ საუკუნეში კოცონზე არავინ დაუწვავთ, სოსო.
- სოსო?
-ჰო, ილარიონელები ასე ეძახიან მეგობრებს, ვისიც სჯერათ და სწამთ.
-ბოდავ, მგონი.
- გასაკვირია? - კოცონზე დამწვეს და აღარც ვბოდავდე?
-მართლა არ გიტირია? არც გტკენია?
-არა. არ მტკენია. არაფერი მიგრძვნია. სიმართლეს გეუბნები. ჩემზე არ იდარდო გესმის?  არც იტირო. სამ კვირაში მომაკითხავს არაბი. მანამდე გნახავ. კიდევ სამჯერ შემიძლია გნახო.
- კარგი. ეს კაბა სად გქონდა, ლეა?. თეთრი უნდა გცმოდა.. მგონი..
- არა. თეთრი სხვებს აცვიათ. ჩვენ თვალის ფერის მიხედვით გვირჩევენ. დიდი ესთეტი ვინმეა შემოქმედი.
-კარგი, ნუ გააგიჟებ იმასაც.
-მაგას რა გააგიჟებს?.. ჩემნაირები უნახავს?!.. აი, იმათ ხედავ? - სამ ცალს, თეთრს? სანამ მოსვლას შევძლებ, რამეს თუ ეტყვი, არაბს გადასცემენ, ის კი, - მე. წავედი, შეხვედრა მაქვს, კონფერენციას ვატარებთ, გენდერულ თანასწორობაზე. მოხსენებით გამოვდივარ. არ მაცლიან აქაც.. ლეამ ისე გადაიკისკისა, იოსებს დაავიწყდა, სად იყო. უნდოდა, ხელი მოეხვია და თმა აეჩეჩა, როგორც ადრე. მიუახლოვდა, ხელი გაიშვირა, ლეამ კი ამ დროს, ზურგი შეაქცია, სწრაფი ნაბიჯით გაეცალა და ნახევარ წუთში მოეფარა თვალს. იოსებს მოეჩვენა, რომ მის თვალზე ცრემლი შენიშნა, მაგრამ იფიქრა, - ნამდვილად შევცდი, სიმართლეს მეტყოდა, იქ არ ტირიან, თან, რა კარგ ხასიათზე იყოო.
უჩვეულოდ თბილოდა იმ დღეს. ცვილისის კლიმატი ბოლო დროს არეულიყო და ისეთი თბილი აღარ იყო, როგორც იოსების ბავშვობაში, მაგრამ იმ დღეს თბილოდა. გამყინვარების მეშვიდე დეკადა იდგა.. –„ так и не Озафхулилось“, გაიფიქრა იოსებმა და სინას აღმართისკენ გაუყვა  გზას.
ლეასან შეხვედრის შემდეგ,  თითქოს უნდა დამშვიდებულიყო. უნდა დაეჯერებინა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც იწინასწარმეტყველა, მაგრამ ვერაფრით ეგუებოდა იმაზე ფიქრს, მეგობარი  კოცონს რომ ვერ გადაურჩა. გზად, ერთ ჩაიხანაში ლეას მოლურჯო-მომწვანო ფერფლის საპატიო დაკრძალვის ცერემონიალის ჩანაწერს უყურებდნენ, ქვეყნის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები, დღე-ღამეში 28 საათი, სწორედ ამ ამბავს  გადმოსცემდნენ. შემზარავი სანახაობა იყო. - ჩმორქალაქეების მთელი ჯარი, ლეას სურათიანი სამაგრებით მკერდზე და შუბლზე გაკრული შავი თასმებით, როგორც სუნიტების ჯგრო, ისე მოარღვევდა ქუჩებს. ირგვლივ სოდომგორები, რიგებად ჩამწკრივებულიყვნენ. იოსებმა ამ სანახაობას დიდხანს ვერ გაუძლო და სახლისკენ მიმავალი გზა განაგრძო.  თითქმის მისული იყო, როცა პენოპლასტის პატარა ნაგლეჯს მოჰკრა თვალი. რაღაცამ ისე მოუჭირა მკერდში, იფიქრა, ჩემი დროც მოსულაო, მაგრამ მალევე გაუარა. ჩქარი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას და ძველი, დანგრეული სასწავლებლის წინ, კიბეებზე ჩაირბინა.. კარი ჟანგიანი ბოქლომით იყო ჩარაზული. -გასაღები, გაიფიქრა იოსებმა.. გასაღები სად არის?.. ნუთუ წაიღო? დელფოსში მაინც ვერ მოხვდება.. ვითომ?.. არა, არ წაიღებდა, -ფიქრობდა იოსები და გამალებული ეძებდა გასაღებს. უცებ დამშვიდდა, გაახსენდა, რომ შარვლის ქვედა ჯიბეში ედო. ხათუნას მიკერებულ  ჯიბეში, დიდ ხანს,  შარვლის აქსესუარი რომ ეგონა. შვებით ამოისუნთქა. გასაღები ამოიღო და კარი ჯაჯგურით გააღო... სარდაფში, ისევე, როგორც ყველა მიწისქვეშა სათავსოში და ოთახში, ბნელოდა. ნანგრევებში ვერც გაარჩევდი, რა დაწესებულება იყო აქ, სულ რამდენიმე წლის წინ. იოსები ლეას მოლბერტს მიუახლოვდა, ერთხანს იფიქრა, სადმე მოვისვრი, აღარასდროს რომ არ შევხედოო, მერე, გადაიფიქრა. იქვე დაჯდა და მანამდე იჯდა, სანამ თემური არ გამოჩნდა. 

No comments:

Post a Comment